თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ფარმაცევტებს, რომლებიც რეცეპტის გარეშე გასცემენ ფსიქოტროპულ საშუალებას, პროფესიულ საქმიანობას შეუჩერებენ, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მინისტრი ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციისა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.
„გამოიკვეთა აფთიაქები, რომელთაც არ სურთ კანონის დაცვა. შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი", — განაცხადა სერგეენკომ.
არსებული კანონი ფარმაცევტებს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემას ავალდებულებს, თუმცა კანონი ირღვევა და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის.
„ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.
2014 წლის 1 იანვრიდან რეცეპტის გარეშე აკრძალულია საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების (გარდა სამკურნალო მცენარეებზე დამზადებული), ანტიდეპრესანტების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების გაყიდვა.