საქართველოში 2015 წელს ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევის 281 ფაქტია გამოვლენილი

© http://is.ge/წამლები
წამლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოვლენილი ფაქტებიდან, 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისიდან, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური სამშაბათს, 29 სექტემბერს იტყობინება. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის საფუძველზე, გამოვლენილი ფაქტებიდან, 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, რომელთა შორისაა „გაბაგამა“, „ბაკლოსანი“ და „გრომოდინი“. 

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების  გამოვლენა, როგორც საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ასევე ქვეყნის შიგნით. მემორანდუმმა საშუალება მისცა პოლიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეამოწმონ ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის კანონიერება. 

 კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომლის მიზანია ახალი, ჯანმრთელობისათვის საშიში ფსიქოაქტიური საშუალებების გავრცელების თავიდან აცილება, მათი უკანონო ბრუნვის აღკვეთა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 16 აპრილს მიიღო და ძალაში იმავე წლის მაისში შევიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0