„კუმისში, შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთი ან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებს და ეჯღანება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს "ჩხაპნის… მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ. დღეს უკვე დღისითაც იყო სახლში შესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იმავეს ჩივიან… სავარაუდოდ, რამდენიმეა და გაფანტულები არიან…. პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ (საოცრად სწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არც ინიშნება), მაგრამ ხომ შეიძლება ზომების გამკაცრება?! იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს. სანამ მსხვერპლი იქნება, იქნებ იქამდე გამოფხიზლდეთ!!!" — ეს პოსტი სოციალურ ქსელში კუმისში უცნაური არსების გამოჩენიდან 10 დღის თავზე დაიწერა. კუმისელი "მოჩვენება" (ასე უწოდეს მას ადგილობრივებმა) უკვე მიმდებარე სოფლებში კოდაში, ბორბალოში ასურეთსა და ღოუბანში დაფიქსირდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მაღალი, გამხდარი, შეღებილსახიანი პირი, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს…ჯერ ფანჯრებზე აკაკუნებს რომ სახლში შეუშვა, თუ არ გაუღებ მერე ამტვრევს. დაჭერა ვერ ხერხდება… ქრება….
მოჩვენების კვალდაკვალ
ტელეკომპანია МИР-ის ჟურნალისტი მიხეილ რობაქიძე და ოპერატორი ხვიჩა სამადაშვილი წინა სამშაბათს კუმისში „მოჩვენებაზე “სიუჟეტის მოსამზადებლად გაემგზავრნენ. სოფლის შესასვლელთან მდებარე მაღაზიასთან რამდენიმე ბიჭი დახვდათ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოჩვენება კუმისს ყოველ დღე სტუმრობდა. წინა დღითაც დადევნებია თურმე 200-მდე კაცი, მაგრამ უშედეგოდ.. არსებას ტრასაზე ოთხით გადაურბენია და ტბისკენ გაქცეულა.
„ზოგი ამბობს, რომ არის გრძელთმიანი, ზოგი ირწმუნება, რომ თმები აქვს უკან გადაწერული, ზოგისთვის საერთოდ მელოტია. ზოგი ამტკიცებს, რომ წითურია და ნაოჭები აქვს სახეზე, ზოგს კიდევ რატომღაც ყოფილი სპეცნაზელი ჰგონია, რომელიც კუმისის ტბის მეპატრონემ მოსახლეობის დასაშინებლად დაიქირავა, რათა მათი კუთვნილი მიწები ხელში ჩაიგდოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ სტუმრობდა ის მიმდებარე სოფლებშიც.“- აღნიშნა ჟურნალისტმა.
ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ სასაფლაოზე ასულა, რომელიც სოფელს ზევიდან დაჰყურებს.
„ჩვენ გვინდოდა კამერაზე იმის დაფიქსირება, რომ სოფელში არავინ არის დარჩენილი და ადამიანებს შიშით შუქებიც აღარ უნთიათ. ამ დროს ბუჩქებში ვიღაც შევნიშნეთ, მაგრამ არ ვიცით ვინ იყო, რადგან როცა დავუძახეთ გაუჩინარდა. სპორტული ტანსაცმელი ეცვა, დაახლოებით 180 სმ სიმაღლის იყო და სწრაფად გადაადგილდებოდა ბუჩქებშიც კი“- გვიამბო ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, არის მოსაზრება რომ „მოჩვენება“ პარანორმალური არსება რეიკია რომელიც კუმისელების რწმუნებით მათთან ლუგარის ლაბორატორიიდან ჩამოიყვანეს. ადგილობრივებმა ის რეიკს ინტერნეტში თოვლის კაცზე ვიდეომასალების ნახვის შემდეგ მიამსგავსეს.
„ვიკიპედიის თანახმად, რეიკი თოვლის კაცია, რომლის არსებობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. ეს არის რაღაც საშუალო პრიმარტსა და ნეანდერტალელს შორის, სახეობა რომლის ევოლუციაც შეწყდა. 1957 წელს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიასთან შექიმნა სპეციალური კომისია, რომლის დანიშნულებაც რეიკის შესწავლა იყო. გაუშვეს კიდევც მეცნიერები ექსედიციაში, თუმცა მათი კვლევების შედეგები გასაიდუმლოვდა.“- აღნიშნა მიხეილ რობაქიძემ.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილობრივებს უცნაური არსების ეშინიათ და ითხოვენ, რომ პოლიციამ ღამის ხედვის კამერები დააყენოს, რათა მოხდეს „მოჩვენების “ დაფიქსირება და შემდეგ დაკავება.
„მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მოჩვენების არსებობა ვიდეომასალით არ მტკიცდება, ისინი გიჟები გამოდიან, პოლიციელები კი ნორმალურები. სამართალდამცავები საღამოობით აკეთებენ ერთ წრეს და უკან ბრუნდებიან. გარდა ამისა, პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ არც ამ არსების დაკავების საფუძველი, აქვთ, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია“ —განაცხადა მიშა რობაქიძემ.
ეჭვმიტანილია სხვისი ქონების ხელყოფაში….
შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებს რეაგირების გარეშე კუმისელ მოჩვენებასთან დაკავშირებული არც ერთი შეტყობინება არ დაუტოვებიათ და საქმეც კი აღძრეს სსკ —ის 160-ე მუხლით, რაც ბინის ან სხვა საკუთრების მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
„გამოძიება კუმისში ადგილობრივი მოსახლის სახლში გაჩენილი ნაკაწრების საფუძველზე დაიწყო და დიდი გულისყურით მოწმდება ყველა შეტყობინება. საქმეში იდება ყველა ფაქტი, რომელსაც მოსახლეობა ამ ამოუცნობ ობიექტს უკავშირებს. ამ ეტაპზე რაიმე ხელმოსაჭიდი გამოკვეთილი არ არის.“ განუცხადეს „ნიუს-ჯორჯიას“ შსს-ს პრეს-სამსახურში.
როგორც პრეს-სამსახურში აღნიშნეს, სიტუაციას ისიც ართულებს რომ „მოჩვენებას“ ყველა თვითმხილველი სხვადასხვანაირად აღწერს.
„ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებები შემოდის და როცა არ გაქვს კონკრეტული ხელჩასაჭიდი ძნელია რაღაც გააკეთო. მოჩვენებაა თუ რაც არის, ჯერ-ჯერობით არავისთვის არც ფიზიკური ზიანი მიუყენებია და არც არავის სახლს არ მისდგომია სერიოზული ზიანი.“ —აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
სამართალდამცველები ღამის საათებშიც მორიგეობენ და ჯერ-ჯერობით მათ კუმისელი „მოჩვენება“ არ შეუნიშნავთ.