თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მთიანი რაჭა 6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის ტაძრის ათასი წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში 6 აგვისტოს, 9:00 საათზე დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლადაშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც 13 საათზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
ამავე დღეს, 18 საათზე გაიმართება ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტოგამოფენა და მოეწყობა ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია.
7 აგვისტოს, 10:00 საათზე ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, 14 საათზე მოხდება იმ ტერიტორიის კურთხევა, სადაც ნიკორწმინდის საეპისკოპოსო რეზიდენცია და სამონასტრო კომპლექსი გაშენდება.
18 საათზე იქვე გაიმართება რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაციაც, ხოლო 19:00 საათზე საზეიმო ღონისძიებები დასრულდება გალა–კონცერტით ამბროლაურში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი, ანსამბლი „შვიდკაცა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან — ნიკოლოზ რაჭველი.
კონცერტს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი და მსახიობი კახა მიქიაშვილი გაუძღვებიან.
გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროგრამის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. შესრულდება ყველასთვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები და ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ფეისბუქის" გვერდზე.
საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორები არიან ნიკორწმინდის ეპარქია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.