არქეოლოგებმა თურქეთში, ქართულ მონასტერში უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

გამოწერა
ექსპედიციის წევრთა ვარაუდით, სამარხი, შესაძლოა, მეფეს ან ეპისკოპოსს ეკუთვნის.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თურქეთში, ტაო-კლარჯეთში, ქართული სამონასტრო კომპლექს „იშხნის“ მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს.

მიწისქვეშა მაცივარი - Sputnik საქართველო
ძველთბილისურ სახლში „მაცივარი“ აღმოაჩინეს

სამარხი შელესილია, ხოლო ოთხივე კედელზე წითელი საღებავით შესრულებულია წარწერა და გამოსახულია ჯვრები. ქვევით მოჩანს თარიღი — 1009 წელი. ამჟამად გაწმენდით სამუშაოებს პალეოგრაფი თემო ჯოჯუა ასრულებს.

ექსპედიციის წევრთა ვარაუდით, სამარე დიდგვაროვანს — მეფეს ან ეპისკოპოსს უნდა ეკუთვნოდეს.

თურქეთის ხელისუფლებამ 2013 წელს იშხნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რომელიც, ქართველი სპეციალისტების ნაწილობრივი მონაწილეობით, დღესაც გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მეცნიერების დაინტერესების საგანი არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა გახდა. კერძოდ, ცოტა ხნის წინ ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ეკლესიისა და სხვა ნაგებობების ფრაგმენტები, ასევე ქვევრის ნაშთები და მრავალი სხვა.

უნიკალური წარწერა, რომელიც საქართველოს არქეოლოგიური ძეგლის გრაკლიანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
არქეოლოგები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე VII საუკუნეში არსებობდა

როგორც Sputnik-ს კვლევით ცენტრში განუცხადეს, ექსპედიციის შედეგების მიხედვით 2017 წელს იგეგმება კატალოგის გამოცემა, რომელშიც ტაო-კლარჯეთის მატერიალური კულტურის დაახლოებით 1000 ძეგლი შევა. ამ ტერიტორიაზეა საეკლესიო არქიტექტურის უამრავი უძველესი ქართული ძეგლის ნიმუში, რომლებიც ქართული ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

იშხანი — ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამოჩენილი ძეგლია. ის VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0