თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართული არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე აღოჩენილი უნიკალური წარწერა საქართველოში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში დამწერლობის ფაქტს ცხადყოფს, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კასპის რაიონში, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა — ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა.
„არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს“, — აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა.
ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.
გრაკლიანის მთა მრავალშრიანი არქეოლოგიური კომპლექსია. არქეოლოგებმა დაამტკიცეს,რომ მის ტერიტორიაზე 300 ათასი წლის მანძილზე — ქვის ხანიდან რომის პერიოდამდე უწყვეტი განვითარება მიდინარეობდა.
არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც გრაკლიანის მთაზე 2007 წლიდან მიმდინარეობს, ძეგლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს უძველესი სახლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ. წ. აღ.მდე მე-4 საუკუნიდან ჩვ. წ. აღ.-ის 1 საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.
აქვე აღმოაჩინეს ორი სატაძრო კომპლექსი, რომელთაგან ერთი იბერიის პირველი მეფის — ფარნავაზის (ჩვ. წ. აღ.-მდე 331-239 წ.წ., მეფობდა 304-239 წლებში) მმართველობის პერიოდს მიეკუთვნება.
გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში — საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.