ძველთბილისურ სახლში „მაცივარი“ აღმოაჩინეს

გამოწერა
არქეოლოგები ნაგებობის ზუსტი თარიღისა და ისტორიული ღირებულების დადგენაზე მუშაობენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში სარესტავრაციო სამუშაოებისას მე–19 საუკუნეში აგებული ერთ–ერთი სახლის ქვეშ ძველი მიწისქვეშა სათავსო აღმოაჩინეს, რომელსაც თავის დროზე მაცივრად იყენებდნენ, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის ფეისბუქ-გვერდზე.

კვლევებმა ცხადყო, რომ შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლები №32 და №34 თავის დროზე ძველი გოდოლ-ბურჯების ნანგრევებზეა აშენებული. სწორედ აქ მდებარეობდა ძველი თბილისის გალავანი და გადიოდა საზღვარი.

© თბილისის განვითარების ფონდიშალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლს რესტავრაცია უკეთდება
შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლს რესტავრაცია უკეთდება - Sputnik საქართველო
შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლს რესტავრაცია უკეთდება

„გარდა უკვე ცნობილი გალავნის კედლისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დადიანის N32-ში საცხოვრებელი სახლის ქვეშ აღმოჩნდა პროდუქტების ძველი სათავსო, რომელიც იმდროინდელი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი იყო, მცხოვრებლები მსგავს სათავსოებს მიწის ქვეშ პროდუქტების შესანახად აშენებდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ახლა არქეოლოგები ნაგებობის ზუსტი თარიღისა და ისტორიული ღირებულების დადგენაზე მუშაობენ. თბილისის განვითარების ფონდი, სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, სათავსოს კონსერვაციას ჩაატარებს. 

ფონდი დადიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლების სრულ გამაგრებას გეგმავს. ამასთან, შენობებს შეუნარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოების ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.

ისტორიული სახლების რეაბილიტაცია–რესტავრაცია 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0