საქართველოში აღმოაჩინეს ტაძარი, რომელშიც, შესაძლოა, ანდრია მოციქული იმყოფებოდა

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ფრაგმენტები, რომლებიც აწყურში გათხრების დროს აღმოაჩინეს, პირველი საუკუნით თარიღდება, სწორედ ამ დროს იმყოფებოდა იქ ანდრია პირველწოდებული.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, აწყურის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე უძველესი მონასტრის ნანგრევებია აღმოჩენილი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მანამდე არსებული ტაძრის კარგად შემონახული ნანგრევები. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ის ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ასევე, ნაპოვნი არტეფაქტები, სპეციალისტების ვარაუდით, პირველ საუკუნეს განეკუთვნება.

„ეს ფრაგმენტები იმაზე მიუთითებს, რომ, შესაძლოა, აქ ჩვენ საქმე გვქონდეს პირველი საუკუნის ნაშთებთან, იმ ტაძრის ნაშთებთან, რომელიც ანდრია მოციქულმა თავისი თვალით იხილა. ანდრია მოციქული, მოგეხსენებათ, აწყურში პირველ საუკუნეში ჩამობრძანდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ“, — განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.

გარდა ამისა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ასომთავრულით შესრულებული წარწერა „ქრისტე შეიწყალე გ-ე ეპისკოპოსი მირიანის ძე“. არქეოლოგები წარწერას მე-10 საუკუნით ათარიღებენ.

ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან“  ერთად ახორციელებს.

არქეოლოგიური გათხრები შაჰტახტი დედაციხის უბანზე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია დედაქალაქში არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას აპირებს

ამ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება. გათხრების დასრულების შემდეგ ტაძრის ტერიტორიაზე ეკლესიის კონსტრუქციის გამყარების სამუშაოებია დაგეგმილი. აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები 2017 წელს დაიწყება.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად ძეგლი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა ნაწილები. მთლიანობაში, ტაძრის 2/3 დანგრეულია.

ყველა ახალი ამბავი
0