თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსი გამოაცხადა, იუწყება კვირას მერიის პრესსამსახური.
კერძოდ, კუნკურსი „შაჰტახტი დედაციხის“ მონაკვეთზე გამოცხადდა, სადაც არქეოლოგიური კვლევების პროექტის ნაწილი არქეოლოგებმა უკვე დაასრულეს. პირველი კონკურსი 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.
„გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
მე-8-11 საუკუნეებში, არაბობის დროს, ამ ადგილას ობსერვატორია იყო, განაცხადა არქეოლოგმა მერაბ მელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ეს წერილობითი წყაროებით დასტურდება. ეს დედაქალაქისა და მისი წარსულისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალია“, — აღნიშნა მელაძემ.
დაინტერესებულმა მხარეებმა თბილისის მერიაში პროექტები 1 აპრილამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს მერიის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს.