თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პეტიციას სახელწოდებით „პრეზიდენტმა არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი“ შუადღიდან უკვე 830-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მეორედ მიმართა. აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია, კანონმდებლობით განმტკიცდეს ქორწინების ცნება, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი.
„ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად და არ დააკმაყოფილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაგზავნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს”, — აღნიშნულია პეტიციაში.
ქორწინების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.
ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერები შეიტანა. რეფერენდუმის კითხვა ასეთია – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ ცესკომ განაცხადი საკუთარ დასკვნასთან ერთად პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
ეს რეფერენდუმის ინიცირების უკვე მეორე მცდელობაა. პირველად ცესკომ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა კითხვის ფორმულირების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.
„რეფერენდუმის შესახებ“ კანონისა და საარჩევნო კოდექსის ნორმების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მიღების და/ან გაუქმების მიზნით, განმარტეს ცესკოში.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების თემა აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში მრავალი სხვა პრობლემაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად შეიტანს კონსტიტუციაში ცვლილებას.
ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის მართლმადიდებლური ეკლესიაც.