თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ქორწინების საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად შეიტანს კონსტიტუციაში ცვლილებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მეორედ მიმართა. აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია, კანონმდებლობით განმტკიცდეს ქორწინების ცნება – როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ (პარლამენტის არჩევნების შედეგებით) ჩვენ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ კონსტიტუციაში ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ქორწინების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.
ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერები შეიტანა. რეფერენდუმის კითხვა ასეთია – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ ცესკომ განაცხადი საკუთარ დასკვნასთან ერთად პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
ეს რეფერენდუმის ინიცირების უკვე მეორე მცდელობაა. პირველად ცესკომ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა კითხვის ფორმულირების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.
„რეფერენდუმის შესახებ“ კანონისა და საარჩევნო კოდექსის ნორმების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მიღების და/ან გაუქმების მიზნით, განმარტეს ცესკოში.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.
ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის მართლმადიდებლური ეკლესიაც.