თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მან ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ დანიშნოს.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში სხვაც ბევრი პრობლემაა. რეფერენდუმის ინიციატორებს სურთ დაამტკიცონ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია, კანონმდებლობით განმტკიცდეს ქორწინების ცნება, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი.
„საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით ნახევარი მილიონი ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენენ, რათა მან არ დანიშნოს რეფერენდუმი“, — განაცხადა ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები და უცხოეთში მოქმედი რამდენიმე დაჯგუფება მოუწოდებენ მარგველაშვილს, რომ არ დაუშვას ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება.
„თუ დამტკიცდება, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენს და ერევა ამ საქმეში, მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში და სახელმწიფოს პირველ პირზე ზეწოლა განახორციელოს“, — აღნიშნა ბრეგაძემ.
ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერები შეიტანა. რეფერენდუმის კითხვა ასეთია – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ ცესკომ განაცხადი საკუთარ დასკვნასთან ერთად პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
ეს რეფერენდუმის ინიცირების უკვე მეორე მცდელობაა. პირველად ცესკომ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა კითხვის ფორმულირების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.
„რეფერენდუმის შესახებ“ კანონისა და საარჩევნო კოდექსის ნორმების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მიღების და/ან გაუქმების მიზნით, განმარტეს ცესკოში.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.
ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის მართლმადიდებლური ეკლესიაც.