მარგველაშვილი: ერთსქესიანთან ქორწინების საკითხის გარკვევის დრო ახლა არ არის

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ქორწინების საკითხის განხილვის აზრს ვერ ხედავს, რადგან ეს საკითხი კანონმდებლობაში უკვე გაწერილია.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების თემა აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში მრავალი სხვა პრობლემაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან შეხვედრისას.

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების თემა ლგბტ პირების უფლებადამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა წამოწია, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. პარლამენტში ადვოკატის ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები მოამზადეს, რომელიც ქორწინების ცნების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის დაზუსტებას ითვალისწინებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნება" მხარს უჭერს კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩაწერას

„მე არ გეუბნებით, მისაღებია ეს თუ არ არის მისაღები, მე ვამბობ, რომ ეს მოგონილი თემაა… ეს საკითხი გადაწყვეტილია სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. ამიტომ ქორწინებასთან დაკავშირებით ახალი ფორმულირება საჭირო აღარ არის. ეს კანონმდებლობაში უკვე წერია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქართველს წარმოაჩენს არა ერთსქესიანთა ქორწინებაზე საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, არამედ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, დიდი მეფეები, ლიტერატურული შედევრები, ფოლკლორი და ტოლერანტობა, აღნიშნა მან.

„ჩვენ გარდა კიდევ ბევრი უარყოფს ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს არ არის თემა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, საჭიროა პატივი ვცეთ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლგბტ - Sputnik საქართველო
საქართველოში ლგბტ პირთა უფლებადამცველები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან

„თავისუფლება საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც განსხვავებული ტიპის ადამიანების არსებობას უშვებს. ადამიანი, რომელიც სხვის თავისუფლებას არ აღიარებს, თავისუფალი ვერ იქნება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, მარგველაშვილმა პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების შესახებაც ისაუბრა.

„მათ, ვისაც ევროპული გზა არ მოსწონთ, შეუძლიათ არ ისურვონ ევროპული გზა და ეს ევროპისა და ცივილიზებულობის პირველი ნიშნები იქნება“, — განაცხადა მარგველაშვილმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

საჯარო ლექცია „რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები“ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოში ევროპული დღეების ფარგლებში წაიკითხა. ლექციის შემდეგ მან უფროსკლასელთა კითხვებსაც უპასუხა.

ყველა ახალი ამბავი
0