თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საინიციატივო ჯგუფი კვირის ბოლომდე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეიტანს ხელმოწერებს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ეხება, განაცხადა რეფერენდუმის ერთ-ერთმა ინიციატორმა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
რეფერენდუმის ინიციატორებმა ამ დროისთვის უკვე 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. რეფერენდუმის კითხვა ასეთია – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“
„შეგროვილი გვაქვს 200 ათასზე ბევრად მეტი ხელმოწერა, რომლის დამოწმების პროცესიც მიმდინარეობს დღეს, რადგან მას სჭირდება ნოტარიულად დამოწმება… ამ კვირის ბოლოს 200 ათასი ხელმოწერა შეტანილი იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცესკო უახლოეს ხანებში მოახდენს ამის იდენტიფიცირებას და ყველაფერი ეს გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, — განაცხადა ბრეგაძემ.
ეს რეფერენდუმის ინიცირების უკვე მეორე მცდელობაა. პირველად ცესკომ ინიციატივის მიღებაზე უარი განაცხადა კითხვის ფორმულირების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. „რეფერენდუმის შესახებ“ კანონისა და საარჩევნო კოდექსის ნორმების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მიღების და/ან გაუქმების მიზნით, განმარტეს ცესკოში. ბრეგაძე ვარაუდობს, რომ ამჯერად ხელმოწერების რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს.
„თუ საქართველოს პრეზიდენტი წავა მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, თუ ის მოექცევა ვიწრო ქართველთმოძულე ძალების ტყვეობაში, იძულებული ვიქნებით, მოვითხოვოთ მისი გადადგომა“, — აღნიშნა ბრეგაძემ.
ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი საქართველოში აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში მრავალი სხვა პრობლემაა, განაცხადა ადრე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ინიციატივით იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველი, ადვოკატი გიორგი ტატიშვილი გამოვიდა. ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.