თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თავდაცვის სამინისტროში ახალი „ჯაშუშების სკანდალი“ მწიფდება — საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ადრე ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის მფარველობით, 2013 წელს სამხედრო ბაზის მონაცემები გაამჟღავნა.
თავად წითელაშვილი ირწმუნება, რომ მან კალანდაძის ბრალეულობის (ტექნიკის ქურდობა) ძებნაში მხოლოდ დაათვალიერა მონაცემთა ბაზა. მან უარყო ბრალდება მიწისქვეშა სამხედრო ბაზის მონაცემების გამჟღავნების შესახებ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ აშენდა. პროკურატურამ ამ საქმეზე მასალები თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოითხოვა.
წითელაშვილი ქართულ პოლიტიკაში სკანდალური ფიგურაა და რუსეთისადმი სიმპათიებით არის ცნობილი. ის აფხაზეთში (1992-1993 წლებში) ბატალიონ „ავაზას“ მეთაურობდა. 2008 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წითელაშვილი პოლიტპატიმრად აღიარეს და გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც აღადგინეს.
კალანდაძემ, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, წითელაშვილის მიმართ ბრალდებები ტელეეთერში გაახმოვანა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ამ თემასთან დაკავშირებით დიდი სიუჟეტი მოამზადა.
როგორც კალანდაძე ამტკიცებს, წითელაშვილი 2013 წელს უკანონოდ შევიდა გასაიდუმლოებულ ბაზაზე და იქ არსებული ობიექტები გადაიღო. მაშინ თავდაცვის უწყებას მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. კალანდაძის განცხადებით, ჯანელიძისთვის წითელაშვილის ქმედებების შესახებ ცნობილი იყო.
ჯანელიძე კალანდაძის ბრალდებებს უარყოფს.
„როდესაც თავდაცვის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტებზე უცხო პირის შესვლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, — განაცხადა ჯანელიძემ.
თუმცა, ის, რომ წითელაშვილი სამხედრო ობიექტზე შევიდა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დღეს თინათინ ხიდაშელმა დაადასტურა. სწორედ მან შეცვალა ჯანელიძე 2015 წელს ამ პოსტზე.
ხიდაშელმა განაცხადა, რომ ინსპექტორი გოდერძი ორმოცაძე, რომელმაც წითელაშვილი სამხედრო ობიექტზე წაიყვანა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ამ ადამიანმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა, სამხედრო ობიექტზე მიეყვანა ადამიანები, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი… მე ის მას შემდეგ გავათავისუფლე, რაც ამის შესახებ შევიტყვე, როგორც კი მინისტრის თანამდებობა დავიკავე“, — განაცხადა ხიდაშელმა.
თავად წითელაშვილი ბრალდებებს ჯაშუშობასა და ბაზის მონაცემების გამჟღავნების შესახებ უარყოფს და იმუქრება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„ეს არ ყოფილა გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა. ეს ჩვეულებრივი ობიექტი იყო, რომელზეც ტენდერში გამარჯვებული სხვადასხვა კომპანიები მუშაობდნენ. მე მქონდა კომუნიკაცია მინდია ჯანელიძესთან გენერალური ინსპექციის მეშვეობით. მე გენინსპექციას ინფორმაციას, დოკუმენტებს ვაწვდიდი“, — განაცხადა წითელაშვილმა.
მისი განმარტებით, ის სამხედრო ბაზაზე საინჟინრო ტექნიკის არსებობას ამოწმებდა, რომელიც თითქოს კალანდაძემ მოიპარა.
ამ ურთიერთბრალდებებს საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე გამოეხმაურა.
„ამ ეტაპზე საქმის დეტალებთან დაკავშირებით გარჩევა მიმდინარეობს. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მასალების წარმოდგენის თხოვნით უკვე მიმართა“, — განაცხადა პროკურატურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნათია სუხიაშვილმა.
გარდა ამისა, მთავრობა აღნიშნული ფაქტის სერიოზულად განხილვას გეგმავს.
„თუ გამოძიების ჩასატარებლად საკმარისი მასალა იქნება წარმოდგენილი, გამოძიება ჩატარდება და ჩვენ საზოგადოებას ყველა კითხვაზე ვუპასუხებთ“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა იქვე კალანდაძის ბრალდებებს საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური თამაშები უწოდა.