თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს 3 400 335 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10,6%-ით აჭარბებს, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურისტების რაოდენობაა — 1 401 914, რაც 208 436-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე (+17,5%).
ტრადიციულად, ლიდერობენ ვიზიტორები მეზობელი ქვეყნებიდან. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი (+15,1%), მას მოსდევენ თურქეთი (+1,6%), სომხეთი (-0,8%), რუსეთი (+10,3%), უკრაინა (+24,3%).
„ივლისი ჩვენი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე თვე იყო, განსაკუთრებით, ჩვენი მეზობლებისთვის. მხედველობაში მაქვს თურქეთი და სომხეთი. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვეყნები ჩვენ ქვეყანაში სტუმრების კუთხით პირველ სამეულში შედიან“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, კვლავ შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სლოვაკეთის (+32,8%), ლატვიის (+25,1%), უნგრეთის (+21,4%), ჩეხეთისა (+19,5%) და იტალიის (+16,5%) მოსახლეობაში.
ამავე პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იორდანიიდან (+472%), ირანიდან (+457%), პაკისტანიდან (+455%), ინდოეთიდან (+347%), შრი-ლანკიდან (+239%), სირიიდან (+190%), ფილიპინებიდან (+186%) და ომანიდან (+163%).
მხოლოდ ივლისში საქართველოს 764 022 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 26 124 ადამიანით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (ზრდა +3,5%).
იმ ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში ივლისში 24 საათითა და მეტი დროით ჩამოვიდნენ, 390 234 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53 368 ადამიანით მეტია (ზრდა +15,8%).
ივლისის თვეში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ გერმანიიდან (+18%), ლიტვიდან (+17%), საბერძნეთიდან (+14%) და დიდი ბრიტანეთიდან (+12%).
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+575%), სირიიდან (+453%), ინდოეთიდან (+368%), ეგვიპტიდან (+263%) და საუდის არაბეთიდან (+112%).