თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში უსაფრთხოების მაღალი დონეა და პოლიცია კეთილგანწყობილია დამსვენებელთა მიმართ, აცხადებენ ბათუმში ჩასული დამსვენებლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, აჭარას პირადად ეწვია და პოლიციის ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო. ასევე, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის სწრაფმავალი კატერით სანაპირო ზოლი დაათვალიერა.
„თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. გზები კარგია. ჩვენს ნივთებს უმეთვალყურეოდ ვტოვებდით. ბავშვები მარტო სეირნობდნენ. ყველაფერი მოგვეწონა. შემდეგ ჯერზე მთაში ასვლასაც ვგეგმავთ“, — აღნიშნა ტურისტმა არტიომ ვაულინმა.
პოლიციის თანამშრომლები ძალიან კეთილგანწყობილი არიან და დამსვენებლებს, რომლებიც ნებისმიერი კითხვით მიმართავენ მათ, ყოველთვის ეხმარებიან, ამბობს ბათუმის სტუმარი დანა ტაბინი.
„საქართველოში პირველად ვარ. აეროპორტის თანამშრომლები ძალიან კეთილგანწყობილი არიან. სასტუმროს მოძებნაში პოლიციელები დამეხმარნენ“, — განაცხადა ტაბინიმ.
გიორგი მღებრიშვილი ეწვია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, გაეცნო ინფორმაციას საპატრულო პოლიციისა და მესაზღვრეების მუშაობის შესახებ.
„აჭარის რეგიონში ჩავატარეთ ერთგვარი მონიტორინგი საკონტროლო გამშვები პუნქტების, საიდანაც ძირითადად შემოდიან საქართველოში ტურისტები. პირველ შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ წარმოდგენას, რაც გექნება ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ჩვენი თანამშრომლები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები, დავამატეთ საპოლიციო დანაყოფები, იმისათვის ჩვენმა ტურისტებმა უსაფრთხოდ იგრძნონ აქ თავი“, — განაცხადა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზღვაო სეზონზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმსა და ქობულეთში დამატებითი ძალები მიავლინა.
მოქალაქეებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას 270 პატრულ-ინსპექტორი იცავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბათუმის ბულვარში პატრულირებას ელექტრომობილებითა და ე.წ. სეგვეით ახორციელებენ. საპატრულო პოლიციის შემადგენლობა 200-მდე გაიზარდა ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტშიც.