თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხი შემოწმდება, იტყობინება უწყება.
მომსახურების კვლევა „იდუმალი სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.
„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.
„ბოლო წლებში „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა. დარგში დასაქმებულ კადრებს ჩვენ სწორედ „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებთ ტრენინგებს, ვუწევთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ახორციელებს ორ ახალ პროექტს – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“.