თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ არავის არ აქვს სახელმწიფოებრიობის საფუძვლების განადგურების უფლება, რომ სომხეთში იარაღით და ძალადობით საკითხები არ წყდება, იუწყება Sputnik Армения.
„ერევანი არ არის ბეირუთი ან ალეპო. და ნურავინ ნუ შეეცდება სომხეთზე ცივი ომის დროინდელი ახლოაღმოსავლეთის გადაწყვეტილებების ექსტრაპოლაციას“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან პრეზიდენტმა ტერორიზმს კიბოს სიმსივნე უწოდა, რომელიც უნდა ამოიკვეთოს. „შეიძლება არ გიყვარდეს ხელისუფლება, მთავრობა, პრეზიდენტი და მათ მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ გიყვარდეს არ ნიშნავს იმას, რომ გმირად აქციო ის, ვინც იარაღით ხელში წყვეტს საკითხებს. ხელისუფლება მოვა და წავა, ტერორიზმის ხელშეწყობა კი დარჩება და სიმსივნესავით გავრცელდება… ტერორიზმის ხელშეწყობა-სასიკვდილო ცოდვაა. მტკიცე „არა“ უთხარით ტერორიზმსა და ნებისმიერ მის გამოვლინებას, სადაც არ უნდა ის მოხდეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან სარგსიანმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, როგორ განიმუხტა სიტუაცია, რადგან შექმნილი სიტუაციისათვის ტრადიციული გამოსავლის აცილება შეძლეს.
"ამ პერიოდში ხელისუფლების ორგანოებმა ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენეს ადამიანთა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს გაწეული მუშაობისათვის მადლობას ვუხდი“,-განაცხადა მან.
პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა მოკლული პოლიციელის იური ტეპანოსიანის ოჯახს და გამოუცხადა თავისი პატივისცემა პოლიციის პოლკოვნიკ არტურ ვანოიანის ოჯახს, თავისი საქმისა და სამშობლოს ერთგული ადამიანის, რომელმაც გაიარა გზა ყარაბაღის ომიდან აპრილში მომხდარ გამწვავებამდე და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებსა და მედმუშაკებს, ასევე ყარაბაღის ომის გმირს ვიტალი ბალასანიანს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
სარგსიანმა განსაკუთრებით აღნიშნა მასმედიის თავდაუზოგავი მუშაობა, რომელიც „სასნა ცრერის“ დაჯგუფების მიერ 17 ივლისს საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის დაკავებული შენობის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტაზე იყო მიმართული. „29-30 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამო ჩვენ ჟურნალისტებს ბოდიშს ვუხდით: ამ დღეებში ეს ჩვენი ყველაზე არსებითი შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, ყველა დასკვნა გაკეთდება. ბოდიშს გიხდით და გთხოვთ-მხოლოდ ჟურნალისტებს, და არა სამართალდამცავებს-დაივიწყოთ ამ მოვლენების შესახებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ არ განმეორდება, და ასევე მინდა, რომ ასეთმა ინციდენტებმა მომავალში ქვეცნობიერ დონეზეც კი არ იმოქმედონ ჩვენს თავისუფალ საქმიანობაზე“,-განაცხადა მან.
31 პირისგან შემდგარი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა. ორი კვირის მანძილზე მათ დაკავებული ჰქონდათ შენობა. 31 ივლისს 20:00 საათზე დაკავებული პოლკის ტერიტორიაზე ჯგუფის დარჩენილმა 20-მა წევრმა იარაღი დაყარა და ხელისუფლებას ჩაბარდა.
შენობის აღების დროს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი დაიღუპა, დაიჭრა პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანესიანი, პოდპოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და პრაპორშიკი გაგიკ მკრტჩიანი. 30 ივლისს სნაიპერის ტყვიამ სამხედრო პოლიციის მოსამსახურე იურა ტეპანოსიანი იმსხვერპლა. პოლიცია ამტკიცებს, რომ გასროლა დაკავებული პოლკის ტერიტორიიდან მოხდა, ჯგუფის წევრები კი ამ ინფორმაციას უარყოფენ.
„სასნა ცრერის“ შეარაღებულ ჯგუფს მძევლად 11 ადამიანი ჰყავდა, თავიდან პოლიციის შვიდი თნამშრომელი, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ოთხი მედმუშაკი. უკანასკნელი ორი მედიკოსი 31 ივლისის ღამეს გაანთავისუფლეს.