თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ერევანში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პოლიციის შენობის გასათავისუფლებლად ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
„სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანაყოფებმა კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედებებით აიძულეს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ხელისუფლებას ჩაბარებოდნენ. 20 ტერორისტი დაკავებულია. პოლიციის ტერიტორია მთლიანად გათავისუფლებულია“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე შეიარაღებული დაჯგუფების წევრმა ვარუჟან ავეტისიანმა 1in.am-ის რედაქციასთან სატელეფონო საუბრისას მათი გადაწყვეტილება ახსნა.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს: ჩავერთოთ პოლიციასთან ბრძოლაში, რომელიც დიდ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული და რა დროსაც იმ ადამიანების სისხლიც დაიღვრება, რომლებიც ნაკლებად არიან კავშირში რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მეორე — არ წავიდეთ სისხლისღვრაზე და სამხედრო ტყვის სტატუსით გავაგრძელოთ ბრძოლა. ძალზე რთული გადაწყვეტილებაა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ სამხედრო ტყვეების სტატუსის არჩევა გადავწყვიტეთ“, — განაცხადა ავეტისიანმა.
შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი 17 ივლისს სომხეთის საპატრულო–საგუშაგო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაგომასა და რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაიჭრა.