თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ირანული ბუნებრივი აირის საქართველოს ტერიტორიაზე გავლით ევროპაში ტრანსპორტირება ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს,- მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის —აფბას ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.
„ირანული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის შედეგად მიღებული მოგების ოდენობა მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იქნება დამოკიდებული. რადგან სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენება ფასიანია, ყოველი კუბური მეტრი აირის გატარების საფასური ქვეყანას ფულის ან ნატურის სახით დარჩება“-განუცხადა ანდრია გვიდიანმა Sputnik-ს.
ექსპერტის თქმით ირანული გაზის გატარებას საქართველო მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებს.
„ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტირების ორი გზა არსებობს, ერთი აზერბაიჯანიდან, რომლის ინფრასტრუქტურაც ამორტიზებულია და მეორე —სომხეთიდან, რომელიც შედარებით ნაკლებად არის გაფუჭებული. სომხეთიდან მცირე მოცულობის ირანული გაზის საქართველოში შემოტანის პრეცენდენტი უკვე არსებობს. ხოლო დიდ მოცულობებზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ირანს ჯერ-ჯერობით ევროპასთან გაზით ვაჭრობა არ დაუწყია შესაბამისად არც დღის წესრიგში არ დამდგარა სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ მიმავალი მილების რეაბილიტაციის საკითხი.“-აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ბუნებრივ აირს მილებში გავლამ არ მოუწიოს, ირანს ევროპასთან რივერსული ტიპის ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლია. როდესაც ქვეყნებს ერთმანეთთან სათანადო ინფრასტრუქტურა არ აკავშირებს, მსგავსი ხელშეკრულებები გაზის შესყიდვის აპრობირებული მეთოდია.
„რადგან ირანს უკვე მოეხსნა სანქციები, მოსალოდნელია, რომ მისთვის ბუნებრივი აირის ექსპორტი ნომერ პირველი ამოცანა იქნება. საქართველომაც აქტიურად უნდა იმუშაოს მისგან გაზის შესასყიდად. რა თქმა უნდა მხოლოდ ირანზე დამოკიდებული ვერ გავხდებით, ჩვენი ენერგოპოლიტიკა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული უნდა იყოს,. აქედან გამომდინარე გადაჭარბებულად მიმაჩნია ის აჟიოტაჟიც რაც "გაზპრომთან" დაკავშირებით იყო ატეხილი. საქართველომ უნდა ისაუბროს ყველა მომწოდებელთან იქნება ეს რუსეთი აზერბაიჯანი თუ ირანი.“-მიაჩნია ანალიტიკოსს.
ირანული გაზი სომხეთის ტერიტორიას გაივლის. ირანმა საცდელი შეთანხმება გააფორმა საქართველოში გაზის ექსპორტზე სომხეთის ტერიტორიიდან. თეირანი აპირებს ახალი მარშრუტით მოახდინოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში. 2015 წლის მაისში თეირანში შედგა საქართველო-ირანის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზანშეწონილობის პროექტის შემუშავებაზე.