თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მოსამართლეებს შორის უთანხმოებების გამოთქმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით ინსტიტუტის რეპუტაციას აზიანებს, მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე – კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კოპალეიშვილი და ქეთევან ერემაძე.
მოსამართლეთა მეორე ნაწილმა – ზაზა თავაძემ, ლალი ფაფიაშვილმა, თამაზ ცაბუტაშვილმა, ოთარ სიჭინავამ და მერაბ ტურავამ პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახელზე წერილი დაწერეს, სადაც აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უპირატესობას ანიჭებს და დაჩქარებულ რეჟიმში მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის საქმეებს განიხილავს. წერილი ქართული ჟურნალის Prime Time–ის ელექტრონული ვერსიის გვერდზე მოხვდა.
„სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, რაც ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასახულა. თუმცა, დღემდე არასდროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება არ მომხდარა საჯაროდ, მედიის საშუალებით. მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ სათათბირო ოთახში საქმის არსებით, თუ ფორმალურ მხარესთან დაკავშირებით. მედიის გამოყენებით მოსამართლეთა შორის პაექრობა აკნინებს მოსამართლეთა ღირსებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა ასეთი არასახარბიელო, იძულებითი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს“, – აღნიშნულია ვარძელაშვილის, კოპალეიშვილისა და ერემაძის ერთობლივ განცხადებაში.
დაჩქარებულ რეჟიმში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მაგალითად ხუთმა მოსამართლემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებისა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატების საჩივრები მოიყვანა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო თანხების გაფლანგვისათვის შვიდ–შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ვარძელაშვილი, კოპალეიშვილი დ ერემაძე.
„შევახსენებთ განცხადების ხელმომწერ მოსამართლეებს, რომ პირველი კოლეგიის მიერ რუსთავი 2-ის საქმე განიხილებოდა 2015 წლის ოქტომბრიდან. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. ამავე დროს, პოლიტიკური ელფერი ამ საქმემ ნამდვილად შეიძინა მას შემდეგ, რაც არსებითად განხილული რუსთავი 2-ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილების პროექტიც უკვე მომზადებული იყო, ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“, – აღნიშნავენ ისინი.
ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის საქმეში საუბარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლზე „ამორლური გარიგება“. ამ მუხლზე დაყრდნობით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასული წლის ნოემბრის თვეში ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი2“–ის წილის 60%, ხოლო მის კომპანიას, შპს „პანორამას“ – 40% გადასცა.
ტელეარხის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართავენ, სამოქალაქო კოდექსის ეს მუხლი კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ აღიაროს.
ეს ტელეკომპანიის იურისტების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი პირველი სარჩელი არ არის. მანამდე ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, ცნოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სამოქალაქო პროცესუალური კოდექსის მუხლი არაკონსტიტუციურად და სარჩელის განხილვის დროს მისი მოქმედება შეაჩეროს. საკონსტიტუციო სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
სწორედ ამიტომ ქიბარ ხალვაშის, როგორც ტელეარხის მფლობელის უფლებები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.
რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, ერთი კვირის წინ მან განაცხადა, რომ, მიმდინარე სასამართლო პროცესების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. ამ მიზნების მისაღწევად ბოროტმოქმედები მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრებიან. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების გამხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“.
ამ საქმის ფარგლებში პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაკითხვაზე იბარებს.