მთავარი პროკურორი: მოსამართლეთა შესაძლო შანტაჟის ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიებული

გამოწერა
მთავარი პროკურორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ განცხადება გააკეთა, ერთმანეთს შეხვდნენ.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი უწყება აუცილებლად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიებას.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი ხელისუფლების ხუთი შტოს სამუშაო შეხვედრების ინიციატივას აყენებს

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მოსამართლეთა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენაა. საქართველოს პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე სსსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 157 მუხლის 1-ლი ნაწილით.

„ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეხვედრით კმაყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც, რომელსაც აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების იმედი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლის დაკითხვის შესახებ. ჩვენებები უკვე მისცეს ლალი ფაფიაშვილმა, ოთარ სიჭინავამ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა და ქეთევან ერემაძემ.

ერემაძემ და ვარძელაშვილმა გამოძიებას ის კონკრეტული მოსამართლეები დაუსახელეს, ვისი მისამართითაც ზეწოლა ხორციელდებოდა, ხოლო ლალი ფაფიაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას მოსამართლეებზე შანტაჟის ფაქტების შესახებ და აცხადებს, რომ თავად არ არის ამის მსხვერპლი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავის მხრივ, მოუწოდებს მოსამართლეებს, არ დანებდნენ შანტაჟს და იმედს გამოთქვამს, რომ მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამდე გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე შესაძლო შანტაჟის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიაწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0