თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე უმაღლესი კლასის სასტუმროს Autograph Collection მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
7–ვარსკვლავიანი სასტუმროს ინვესტიციების ჯამური მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარია. პროექტს საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი „თანაინვესტირების ფონდი“ აფინანსებს.
სასტუმროში იქნება 6 კატეგორიის 220 ნომერი, 2 სხვადასხვა ფორმის საკონფერენციო დარბაზი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და „ინფინიტი“ საცურაო აუზი, აღნიშნულია ივანიშვილის პირად ვებგვერდზე.
კომპლექსი საბაგიროთი დაუკავშირდება სასტუმრო "სოლოლაკს".
საქართველოში 2017 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი 13 სასტუმროს მშენებლობა დასრულდება.
მათ შორის შვიდი სასტუმრო თბილისში აშენდება: Hilton Garden Inn, Park Inn by Radisson, Millenium Hotel, Rixos, Hyatt Regency, Moxy Mariott და Intercontinental.
ბათუმში აშენდება ოთხი სასტუმრო: Crown Plaza, Babylon tower, Cube tower და Princess hotel.
წინანდალში აშენდება Radisson Blu Resort, ხოლო ქუთაისში – Best Western.
2015 წელს საქართველოს დედაქალაქში გაიხსნა 11 ახალი სასტუმრო, ბათუმში – ოთხი, ასევე ერთი – ჩაქვში, ერთი – ვარძიასთან, ერთიც – ბორჯომში.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 1,5 ათასი განთავსების ადგილი დარეგისტრირდა. ეს 51 ათასზე მეტი დასაძინებელი ადგილია.