თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 31 ივლისს ლუქს-კლასის სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნება, რა დროსაც მოეწყობა გრანდიოზული და კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო 3D ლაზერული შოუ.
The Biltmore Hotel Tbilisi — 34-სართულიანი, ორიგინალური არქიტექტურის მქონე შენობაა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე აშენდა. სასტუმროში 214 ნომერი, რესტორნები და ბარებია — პანორამული ხედებით.
ამას გარდა, სასტუმროს მფლობელობაშია ეგრეთ წოდებული „იმელის შენობაც“, სადაც განთავსდა უნიკალური ამფითეატრი, შეხვედრების ოთახები და რესტორნები. „იმელის შენობა“ 1933-1938 წლებში აშენდა არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით. ის ახალ სასტუმროს შუშის ხიდით უკავშირდება.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაიან ბენ მუბარაქ ალ ნაჰაიანი და ასევე უცხოური პრესის წარმომადგენლები.
„ჩვენი სასტუმრო ლუქს-კლასისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გათვლილია მაღალი შემოსავლების მქონე პირებზე. გასათვალისწინებელია, რომ ის ძირითადად ორიენტირებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და მის მეზობელ სახელმწიფოებზე, რომლებთანაც ჩვენი ქვეყანა დღითიდღე აღრმავებს ურთიერთობებს. შესაბამისად, სასურველ სეგმენტს აუცილებლად ავითვისებთ“, — აღნიშნა სასტუმროს თანამშრომელმა.
სასტუმროს მშენებლობა, რომელიც უმსხვილესმა არაბულმა საინვესტიციო კომპანია „დაბი გრუპმა“ დააფინანსა 140 მლნ დოლარით, 2012 წელს დაიწყო. სასტუმროში 230 ადამიანია დასაქმებული.
შეიხ ნაჰაიან ბენ მუბარაქ ალ ნაჰაიანს, რომელიც ამავდროულად გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებნრივი განვითარების მინისტრია, საქართველოს ეკონომიკაში უკვე 250 მლნ დოლარი აქვს ინვესტირებული.