თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს და საქმეების განსახილველად დროს ითხოვს, იუწყება „პირველი რადიო“ და საკუთარ ვებ-გვერდზე მოსამართლეების – თავაძის, ფაფიაშვილის, ცაბუტაშვილის, სიჭინავასა და ტურავას ხელმოწერით შედგენილ წერილს აქვეყნებს, რომლითაც მათ გიორგი პაპუაშვილს მიმართეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც მოსამართლეების წერილიდან ირკვევა, ისინი უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ერთპიროვნულად, სხვა მოსამართლეების აზრის გაუთვალისწინებლად განსაზღვრა დღის წესრიგი იმგვარად, რომ ხდება „პოლიტიკური ნიშნის შემცველი საქმეების“ სწრაფად, ფორსირებულ რეჟიმში განხილვა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პროცესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაიძულებს, მოგმართოთ აღნიშნული განცხადებით. ზოგადად სასამართლო, ასევე მისი თითოეული მოსამართლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი გონივრული ვადით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, სრულყოფილად მოახდინოს განსახილველი საქმის მასალების შესწავლა და, აქედან გამომდინარე, არაფორსირებულად, მშვიდ გარემოში შეძლოს გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით“, — ნათქვამია წერილში.
მოსამართლეების აზრით, „არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომები საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, რაც დაუშვებელია და მიუღებელი.
„დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სხვა გაცილებით უფრო ადრე შემოსული ძველი (თუმცა ე.წ. პოლიტიკური ნიშნის არმქონე) საქმეები უკვე საკმაო პერიოდია თავიანთი განხილვა/გადაწყვეტის რიგს ელოდება“, — წერია მოსამართლეთა მიმართვაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული წევრები ღიად სდებენ ბრალს გიორგი პაპუაშვილს საქმეების „გამორჩევასა“ და მათ ფორსირებულ რეჟიმში განხილვაში.
„ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით… ხდება თქვენი მხრიდან რიგი საქმეების გამორჩევა და მათი დაჩქარებული განხილვის რეჟიმში გადაყვანა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს არაერთი საქმე, რომლის განხილვაც გაცილებით ადრეა დაწყებული, ხოლო ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის გადაწყვეტილების პროექტებიც კი არის დარიგებული“, — წერენ მოსამართლეები და მაგალითად „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული N679 სარჩელი მოჰყავთ.