თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ ესაუბრა.
მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მოსამართლეთა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენაა. ამ მიზნის მისაღწევად, პაპუაშვილის სიტყვებით, ისინი მოსამართლეებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების გასაჯაროებით აშანტაჟებენ.
„მე, რა თქმა უნდა, კითხვები დამრჩა. პრემიერი საკუთარ აზრზე დარჩა – რომ ჩვენ პროკურატურას გამოძიების შესაძლებლობა უნდა მივცეთ… ალბათ, ამ დღეებში მთავარ პროკურორს შევხვდები და მასაც დაველაპარაკები. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, მაგრამ კარგია, რომ ის (გიორგი კვირიკაშვილი) პოზიტიურად უყურებს ამ საკითხს“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი პაპუაშვილმა პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე სსსკ-ის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157 მუხლის I ნაწილით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილმა ჩვენება უკვე მისცა. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია. გარდა ამისა, ის არ ფლობს ინფორმაციას სხვა მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
„თავად მოსამართლეები აცხადებენ, რომ შეუძლებელია ზეწოლა ყველა მოსამართლეზე განხორციელებულიყო. შეიძლება ვიღაცას საუბარიც არ სურს ამ ზეწოლის შესახებ. თუ ვინმე გაბედავს და იტყვის — ეს მისი საქმეა. ამ შეხვედრის შემდეგ მე ვეცდები დავარწმუნო ყველა, ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, რომ მათ მაქსიმალურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან. თავად ვეცდები ვიყო გარანტი იმისა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო“, — დასძინა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების შემდეგ პროკურატურამ პაპუაშვილის მოსმენისა და მისთვის სასურველ დროს ჩვენების მისაცემად უწყებაში გამოცხადების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით პაპუაშვილი აჭარის პროკურატურაშიც მიიწვიეს.
ორშაბათს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა პროკურატურაში მისვლაზე, თუმცა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება პაპუაშვილმა იმით ახსნა, რომ მან ადრეც გააკეთა განცხადება მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პაპუაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა როდის შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.