თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მანდილოსნებისადმი არაკორექტული გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მათ უფლებებს კვლავინდებურად დაიცავს.
ბოდიშის მოხდა კალაძეს მას შემდეგ მოუწია, რაც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ქალების ჭორაობას შეადარა. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ უკვირს აღნიშნული განცხადება, რადგან ერთი თვის წინ პოლიციის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.
ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილს სურს გაიგოს, რა კავშირი აქვს კახა კალაძეს კორცხელში მომხდარ ინციდენტთან, როდესაც შუალედური არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ, მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის, რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი. გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა — ქალები ჭორაობენ, რომ სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!!“ — დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე კახა კალაძემ.
მიმართვაში ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაიცავს ქალების უფლებას.
„ყოველთვის ქალების გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია, ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას, არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!“ — წერს კალაძე.
ამ ეტაპზე გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.