თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი შეეცდებიან, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები კეთილმეზობლურ რელსებზე გადაიყვანონ. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასა და ამასთან დაკავშირებული პროექტების განახლებაზე საუბარიც არაა, წერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გევორქ მირზაიანი.
პოლიტოლოგის აზრით, თურქეთის პრეზიდენტს ახლა აუცილებლად ესაჭიროება მოსკოვთან მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა, რათა ქვეყნის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხი მკვეთრად გააქტიურდა. ნავარდით სვლის ინიციატორი თურქული მხარე გახდა, რომელსაც აშშ-თან ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების, ევროკავშირთან მძიმე მოლაპარაკებებისა და ირანთან ახლო აღმოსავლეთის მომავალზე დიალოგის ფონზე აუცილებლად ესაჭიროება ზეწოლის ბერკეტი — მოსკოვთან მაქსიმალურად კარგი ურთიერთობის სახით“, — აცხადებს მირზაიანი.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება 2015 წლის ნოემბერში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის მოხსნას შეეცადა.
„26 ივლისს მოსკოვში ჩასულმა თურქეთის ვიცე-პრემიერმა მეჰმეთ შემშექმა განმარტა, რომ რუსული Су24-ის ჩამოგდების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტმა ერდოღანმა, არამედ თავად თურქული გამანადგურებლის პილოტმა მიიღო, რომელიც შემდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა“, — წერს იგი.
ამას გარდა, შემშექის განმარტებას წინ უძღოდა ანკარის მერის მელიქ გიოქჩექის განცხადება, რომ ვითარების რეჟისურა თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორის ფეთჰულა გიულენის ხალხს ეკუთვნის.
„შესაძლოა, თურქეთის ხელისუფლებას მართლაც არ გაუცია თვითმფრინავის ლიკვიდაციის ბრძანება. ყოველ შემთხვევაში, ეს ლოგიკური იქნებოდა, ვინაიდან ერდოღანს ყველაზე ნაკლებად აძლევდა ხელს მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება“, — ვარაუდობს პოლიტოლოგი მირზაიანი.
მისი თქმით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება, მათ შორის ტურიზმის აღდგენისა.
გევორქ მირზაიანის ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, დათმობებზე წავიდეს როგორც ტურიზმის, ისე კვების პროდუქტების მიმართულებით და პროცესები დააჩქაროს კიდეც. გააჩნია, როგორ მოიქცევა ერდოღანი.
„ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა და რა წინადადებებს წამოაყენებს ერდოღანი. თუმცა, ყველაზე სერიოზული ორმხრივი ეკონომიკური პროექტის – „თურქული ნაკადის“ ბედი უკვე გადაწყვეტილია: ის არ აშენდება“, — ასკვნის პოლიტოლოგი.
მისი აზრით, თურქეთს ამ პროექტზე რუსეთთან დემონსტრაციული დიალოგი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დასავლეთს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის ტემპები დაანახოს.
აღსანიშნავია, რომ ეს მოლაპარაკებები მოსკოვსაც დასავლეთზე ზეწოლისთვის ესაჭიროება, თუმცა მისი მიზანი უფრო პრაგმატულია: რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული მოლაპარაკებათა პროცესის დაჩქარება სურს, „კერძოდ, უბიძგოს გერმანიას უფრო აქტიური ნაბიჯებისკენ პროექტის ლობირების კუთხით“.
გევორქ მირზაიანი ამაში დიდ აზრს ვერ ხედავს, ვაინაიდან მიაჩნია, რომ თურქეთის გავლით მილსადენის გაყვანა უგუნურებაა.
„რუსეთს ალტერნატიული მილსადენი იმისთვის სჭირდება, რომ თავი დააღწიოს ისეთ არასაიმედო ტრანზიტორს, როგორიც უკრაინაა. მაშინ მითხარით, რა აზრი აქვს ისეთ მეორე არასაიმედო ტრანზიტორთან საქმის დაჭერას, როგორიც თურქეთია?“ — სვამს კითხვას პოლიტიკური ექსპერტი.
მას მიაჩნია, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული ურთიერთობების კვლავ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადაყვანა ძალიან რთული იქნება.
„საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთ ფუფუნებას, როგორიცაა ემოციები, ადგილი არ აქვს. ის პრაგმატიზმსა და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით უნდა იგებოდეს. თურქეთსა და რუსეთს შორის კი ძალიან ბევრი სტრატეგიული წინააღმდეგობა არსებობს, რაც ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა“, — წერს პოლიტოლოგი.
მისი ვარაუდით, პეტერბურგის სამიტის დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილი ყირიმის, კავკასიისა და სირიის საკითხებს მოიცავს.
„მხარეებს ყველა ამ პუნქტში თუნდაც მინიმალური კომპრომისის მიღწევა ესაჭიროებათ“, — წერს მირზაიანი.
კავკასიის საკითხში კრემლი სტატუს-კვოს შენარჩუნებას მოითხოვს დაჟინებით და თურქეთს მოუწოდებს, არ გაამწვავოს ყარაბაღის საკითხი. მოსკოვის სტრატეგია „კონფლიქტის გაყინვაა, ვინაიდან არც ბაქო და არც ერევანი დღეს მზად არ არიან მისი ცივილიზებულად გადაჭრისთვის“.
პოლიტოლოგის აზრით, თურქულმა მხარემ, შესაძლოა, დათმოს კიდეც ყირიმისა და კავკასიის საკითხებში, ვინაიდან კარგად ესმით, რომ კომპრომისზე უარი რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის გაღრმავების შესაძლებლობას ნიშნავს.
გევორქ მირზაიანი დარწმუნებულია, რომ მანამ, სანამ მხარეებს შორის ყველა სადავო საკითხი არ გადაიჭრება, მოსკოვსა და ანკარას შორის საუბარიც კი ვერ იქნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე.
„თუმცა, ეს არც ისე აუცილებელია. დღეისათვის რუსეთსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების არსებობაც სავსებით საკმარისია“, — აღნიშნავს პოლიტოლოგი.



