თბილისი, 27 ივლისი– Sputnik. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იუწყება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური.
გამოძიების თანახმად, დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 50 000 ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა.
22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი გამოართვა, ხოლო დანარჩენი თანხა — 5000 ლარი სამი დღის შემდეგ, რა დროსაც ის დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით), რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კორუფციასთან ბრძოლაში ჩაება და როგორც ჩვენ, ისე სამართალდამცველი უწყებები ყველა იმ ჩინოვნიკის წინააღმდეგ გავატარებთ შესაბამის ზომებს, რომლებიც მსგავს უკანონო ქმედებას ჩაიდენენ“, — ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის მერიის თანამშრომლები მსგავს საქმეებში ფიგურირებენ. 2015 წლის 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში თაღლითობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის დაქვემდებარებული კომპანია „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სამი თანამშრომელი დააკავა.