იორდანული ავიაკომპანია საქართველოში ფრენების დაწყებას გეგმავს

გამოწერა
იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია Royal Falcon Airlines ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. იორდანიული ავიაკომპანია Royal Falcon Airlines ამანი–თბილისის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების შესრულებას გეგმავს.

ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია მიმდინარე წლის აგვისტოდან განიხილავს. საქართველოს ავიაბაზარზე Royal Falcon Airlines-ის შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაიმართა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმს ავიარეისების უპრეცედენტო რაოდენობა ელოდება

როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში Royal Falcon Airlines-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია, თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან, ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში Royal Falcon Airlines რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საზაფხულოდ საქართველოში ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება

სულ საქართველოს ავიაბაზარზე ამჯამად 30 ავიაკომპანია ოპერირებს – 29 უცხოური და ერთი ქართული. ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ავიაბაზრის პოპულარობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 1 011 680 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0