ოლიმპიური ოქრო ღირსეულ მეტოქეებთან ბრძოლაში უნდა მოიპოვო

© თ. ჩიქვანაიამოფარიკავე იური ოსიპოვი.არქივის ფოტო
მოფარიკავე იური ოსიპოვი.არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებას – დაუშვებდა თუ არა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

როგორც იქნა, კვირას, საღამოს 18 საათზე სეოკის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაჩენი გამოაქვეყნა, რომლის ძალითაც, კომიტეტი არ მოკვეთს რუსეთს რიოს ოლიმპიადიდან, ხოლო რუსი სპორტსმენების 2016 წლის თამაშებზე გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით ვერდიქტს სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციები გამოიტანენ. 

აი, რა ბრძანა პრეზიდენტმა: „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის ნაკრების ოლიმპიადაზე გამოსვლას. მხოლოდ ერთმა წევრმა შეიკავა თავი. ჩვენი გზავნილი მკაფიოა – ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ, რუსმა სპორტსმენებმა კოლექტიური პასუხისმგებლობ უნდა იტვირთონ ქვეყანაში მოქმედი დოპინგის სისტემის გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ შანსი მივეცით სუფთა სპორტსმენებს – მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოხვალ, თუ მთლიანად სუფთა ხარ დოპინგისგან. რუსი სპორტსმენების მომავალმა თაობამ ეს უნდა გაიგოს“, ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ რუს მძლეოსნებს – სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინას გარდა, სპორტის ამ სახეობის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გამოვა რიოში. კომიტეტმა ისიც გამოაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვლენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც ადრე არასოდეს ჩავარდნილან დოპინგზე. 

ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
რუსეთის ნაკრები გაემგზავრება რიოს ოლიმპიადაზე, თუმცა არა მთლიანი შემადგენლობით

ჩემი აზრით, ბატონმა ბახმა, პასუხისმგებლობა აარიდა სეოკს და მთელი ძალაუფლება გადააბარა ფედერაციებს. სავარაუდოდ, რუსეთის ნაკრები კიდევ შეთხელდება. რამდენად სწორია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სპორტსმენთა ასეთ მასობრივ მოკვეთას? „Sputnik“-ს ამ საკითხზე ესაუბრება ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი და მელბურნის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ბატონი იური ოსიპოვი:

– ბატონო იური, როგორ შეაფასებთ რიოს თამაშებზე რუსი სპორტსმენების არ დაშვებას?

– ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, რა თქმა უნდა, დოპინგის მომხმარებელი უნდა მოიკვეთოს. სამწუხაროდ, მძლეოსანთა ნაკრების თამაშებიდან ჩამოშორება სწორედ დოპინგის მასიურ მოხმარებას მოჰყვა. თუმცა, ამავე დროს, იჩაგრებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ამ სამაგალითო დასჯაში მოყვნენ. მე აქტიურად ვადევნებ თვალს საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებას და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ის ორი ოლიმპიადა — 1980 წლისა მოსკოვში და 1986 წლისა ლოს-ანჯელესში — არასრულფასოვანი თამაშებია, ხოლო ის ჩემპიონები ნაღდ ჩემპიონებად არ მიმაჩნია. ოლიმპიადა უნდა იყოს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლის შეჯიბრის ასპარეზი და მხოლოდ უძლიერესია ღირსი, ატაროს ეს საპატიო სახელი. რიოს ოლიმპიადას, ჩემი აზრით, გარკვეული ჩრდილი უკვე მიადგა.

მსუბუქი ათლეტიკა - Sputnik საქართველო
რუსი ათლეტებისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე აკრძალვას სპორტთან კავშირი არ აქვს

– 24 ივლისს ბატონმა ბახმა გამოაცხადა, რომ სხვა სახეობებში რუსი სპოტსმენების მონაწილეობის საკითხს საერთაშორისო ფედერაციები გადაწყვეტენ…

– თომას ბახის გადაწყვეტილებას მივესალმები. იმედი მაქვს, რომ ფედერაციები ფეხის ხმას არ აჰყვებიან და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით მხოლოდ ოლიმპიადა წააგებს. სხვათა შორის, ბახი თავად არის ოლიმპიური ჩემპიონი, სწორედ ჩემს სახეობაში, რაპირაში აქვს ოქროს მედალი მოგებული. რუსი მოფარიკავეებისთვის რომ აეკრძალათ რიოში გამგზავრება, ჩვენს სანდრო ბაზაძეს ძალიან სერიოზული კონკურენტი მოაკლდებოდა ოქროსთვის ბრძოლაში, მაგრამ ეს არ იქნებოდა სრულფასოვანი ჩემპიონობა. ოლიმპიური ოქრო ყველა ღირსეული მეტოქის დამარცხებით უნდა მოიპოვო და არა ჩინოვნიკთა გადაწყვეტილებით…


ყველა ახალი ამბავი
0