თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი ბინის ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა კანონის დაცვით, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ მისი ოჯახის წევრზე — გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ კი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს მისი ბინა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი, იტყობინება შსს.
ცივი იარაღი სამართალდამცავებმა მხოლოდ თორნიკე კ. —ს აღმოუჩინეს. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლის ქალიშვილის მეუღლე — მინდია გოგოჭურია.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა მინდია გ-ს მანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომლის დროსაც უკანონო ნივთები არ აღმოჩენილა და შესაბამისად არ დამდგარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.