თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დრეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას.
სახელმწიფოს მეთაურმა ასეთი კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პაპუაშვილმა ორიოდე დღის წინ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე, სკანდალური განცხადება გაავრცელა მოსამართლეების შანტაჟის თაობაზე, რასაც ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა… სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო — გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით — ზეწოლის მცდელობა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტს ოჯახის წევრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
„ის ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე იმედით, რომ ამას რაღაცა მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.