თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს მისი ნათესავის ბინა.
სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აცხადებდა, რომ ქვეყანაში მოსამართლეებს აშანტაჟებენ, განაცხადა, რომ არ გაკვირვებია მისი განცხადება, რადგან ერთი თვის წინ სამართალდამცველები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ მისი ოჯახის წევრზე.
„საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. საქართველოს მთავარი პროკურორი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად», — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან გიორგი შოთაძე ასევე მზადაა შეხვდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე.
21 ივლისს გიორგი პაპუაშვილმა, თავისი სამსახურებრივი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე სკანდალური განცხადება გააკეთა მოსამართლეთა შანტაჟის შესახებ. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს პროკურატურაში მისვლაზე და მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბარზე და მზად არის მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის მთავარ პროკურორს, ვინაიდან მისი მიმართვა პროკურატურაში ორჯერ იქნა იგნორირებული.
ამასთან მან უარი განაცხადა იმ მოსამართლეთა დასახელებაზე, ვისზეც სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდებოდა.