თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით იღებს მონაწილეობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 1 საათზე მეტ ხანს პასუხობდა თავის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კითხვებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ვარშალომიძემ ივლისის თვის დასაწყისში გააკეთა. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ კი ირწმუნება, რომ ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები შეიმჩნევა.
„ჩვენ დღეს ლევან ვარშალომიძე გამოვიძახეთ და ვთხოვეთ დამატებით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა. ჩვენ შევისწავლით ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას. აუცილებლობის შემთხვევაში ასევე დავკითხავთ სხვა პირებს… მთავარი კითხვა დაფინანსების წყაროს შესწავლაა“, — განაცხადა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ აჭარაში „სოციალური სახლების პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ნაცმოძრაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, წარმოდგენილი ლევან ვარშალომიძის სახით, იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას, განახოციელებს მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს.
„ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. ჩვენ ასევე ვაპირებთ ბევრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოზიდვას. ამაზე იყო აუდიტის სამსახურის ძირითადი კითხვები… მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს“, — განაცხადა ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან.
იმ დროს, როდესაც ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა, უწყების შენობასთან ვარშალომიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ლევან ვარშალომიძეს აჭარის მეთაურის პოსტი 2012 წლის ოქტომბრამდე ეკავა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის დირექტორმა არჩილ ხაბაძემ ჩაანაცვლა.