ჩვენებურად დანახული ამბები, ანუ ანალიზის ანალიზი...

© REUTERS / OSMAN ORSALერდოღანის მომხრეები თურქეთში
ერდოღანის მომხრეები თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჩვენებური ხედვის ანალიზის რაკურსი... პრიმიტიული ამბიციები თუ რეალობაზე დაფუძნებული ჭეშმარიტების ძიება... ქართულ მედიაში გამოკვეთილი ტენდენციები...

მეზობელ სახელმწიფოში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებზე, ევროპასა და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე და, ზოგადად, მომავალში მოვლენათა განვითარების სავარაუდო ვერსიებზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა. როგორც ეს პირველ დღეებში მოსალოდნელი იყო, მოვლენათა კვალდაკვალ, მედია განსაკუთრებით აქტიურობდა. ფაქტი, კომენტარი, შეფასება და პროგნოზი… მოკლედ, იყო ყველაფერი, რაც ასეთ დროს მკითხველს, მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს. წარუმატებელ სამხედრო ამბოხთან დაკავშირებულ პერიპეტიებს ქართულმა მედიასაშუალებებმა დიდი დრო დაუთმეს. საკამათო არ არის, რომ მოვლენათა გაშუქების ოპერატიულობაში უცხოელ კოლეგებს არაფრით ჩამოვრჩით. თუმცა ჩვენს საქმეშიც მხოლოდ სისწრაფე და რაოდენობა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია ხარისხი.  ხარისხი კი, უპირველესად, დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და ეს ის არის, რაც,  თავის მხრივ, მრავალი კომპონენტისგან შედგება… ერთი სიტყვით, თურქეთში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას ქართულ მედიაში გამოკვეთილი ტენდენციები არავის შეუფასებია, არაფერი თქმულა, თუ რამდენად კვალიფიციური იყო მოვლენათა ჩვენებური ხედვა. დავინტერესდი და თვალი გადავავლე სოციოალურ ქსელს. ყურადღება ექსპერტ დემურ გიორხელიძის სტრიქონებმა მიიქციეს. ის ქართულ მედია და ინტერნეტ სივრცეში თურქეთის ბოლო მოვლენების შეფასებების მისეულ ანალიზს გვთავაზობს.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი თურქეთში მორიგი გადატრიალების მცდელობას არ გამორიცხავს

დემურ გიორხელიძე: „მკითხველის ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე საკითხზე ვამახვილებ.

პირველი — ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს არაფერი ეტყობა რაიმე გადაფასებებისა, მიუხედავად იმისა, რომ გასული ოცდაექვსი წლის განმავლობაში მან ბევრი უბედურება გადაიტანა… არის მხოლოდ შიშველი ემოცია, სრული გაუგებრობა მიმდინარე პოლიტიკური პროცესისა, როგორც თურქეთში, ისე ევროპასა და მსოფლიოში… აღგზნებულ გონებაში შეთხზული არარსებული სცენარები და შეფასებები: ამას ეს უყვარს, იმას ეს უყვარს, თურქეთი დაიღუპა, შუა საუკუნეების სიბნელეში გადაეშვა, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობიდან ამოვარდა, რუსეთმა იხეირა და… მოკლედ, ის, რამაც საქართველო  ამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა: ემოცია, სიძულვილი ერთმანეთისა და არაფრის გაგების სურვილი.

ნატო - Sputnik საქართველო
ყოფნა–არყოფნა — პოლიტიკური ექსპერტები თურქეთის ნატოდან სავარაუდო გარიცხვის თაობაზე

მეორე — ქართველების დიდმა ნაწილმა ვერაფრით დაინახა, რომ თურქეთის სახელმწიფომ სამხედროების ნება-სურვილზე გადატრიალება-გადმოტრიალებებს უარი უთხრა. მთავარმა გენერალიტეტმა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის რადიკალურმა, ბუნტს მხარი არ დაუჭირეს  და განაცხადეს, რომ საკმარისი გადატრიალებები იყო თურქეთში და ახლა განვითარების სხვა გზაა საჭირო… ეს პოლიტიკური სიმწიფეა!.. ის სიმწიფე, საქართველოში რომ არ არის და ამიტომ ხალხის რაღაც ნაწილი მხარს დაუჭერს ე.წ. „ოპოზიციას“, რომელსაც, თუ გამოუვიდა, არევს სიტუაციას… მაგრამ ავიწყდებათ, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან…

მესამე — რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიგურის ზედმეტად გადაფასება… საქმე ისაა, რომ დიდი სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო ფუნდამენტურ წარმოდგენებზე და ინტერესებზე იგება, ვიდრე პიროვნული შეხედულებებია… თურქეთი კი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ. მსოფლიოში ასეთი სულ, დაახლოებით, ხუთი ან ექვსი ქვეყანაა!.. პიროვნული ფაქტორის გადამეტება მარიონეტული პოლიტიკური სპექტრის დომინირებისა და ბელადი/მარჩენალების მიდევნების შედეგია… ტოტალიტარული ცნობიერებით გაჟღენთილ და დამცირებულ ადამიანებს აგრესია ამოძრავებთ და, რაკი თავის ქვეყანაში ვერ ხედავენ კონკურენტული პოლიტიკური ცხოვრების ნიშნებს, ასე ჰგონიათ, თურქეთშიც ვიღაც  გარედან განაგებს ყველაფერს… სწორედ ამას აკეთებს დღეს თურქეთი, რომ მართული და გარეთვალდებული ადამიანები არ მიაკაროს ხელისუფლების არცერთ შტოს! ეს მათ გამოუვათ!

ერდოგანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი სიკვდილით დასჯის შესახებ: ხალხის მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება

მეოთხე — ერთი დიდი უაზრობა ისევ „ღარიბი და ქილა ერბოს“ იდეოლოგიის მიდევნებაა. თურმე, თურქეთი „ამოვარდნილა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობიდან, ნიშა გათავისუფლებულა და, თუ ქართველებმა ვივარგეთ, თურქების ადგილს დავიკავებთ,… მერე რუსებს დედას ვუტირებთ და ჩვენი „კოჭი ალჩუზე დაჯდება“… აი, ეს კი საშიში ფიქრებია და მიუთითებს რეალობიდან სრულ მოწყვეტაზე… ერთ ღამეში თურქეთის სახელმწიფო უფრო ძლიერი გახდა და ნელ-ნელა თავის პრობლემებსაც დაალაგებს — აშკარაა! პრობლემები დიდი აქვს… ერთმა დაუკვირვებელმა შეცდომამ ლამის ჩიხში შეიყვანა ეს ქვეყანა, მაგრამ… მოქნილი პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა…

მეხუთე — კიდევ ერთი და მორიგი უაზრობა: რაკი საქართველოში ადამიანებმა ერთმანეთის პატივისცემა დაკარგეს და ერთმანეთთან მხოლოდ შეურაცხყოფით შეუძლიათ საუბარი, ოცდაექვსი წელია, ხან ერთ „ბელადს“ და ხანაც მეორე „მარჩენალს“ მისდევენ. ხოლო ეს  „ბელად/მარჩენლები“ ამ ხალხს უპატივცემულოდ და დამამცირებლად ეპყრობიან…

ჩვენმა ხალხმა ირწმუნა, რომ თურქი მოქალაქეები ცხვარივით ქუჩაში მოლებმა გამოყარეს და „უბრძანეს“, ტანკებს დაუწექით და თავი გასწირეთო და მათაც მორჩილად გააკეთეს ეს… მათ პრეზიდენტის და ავტორიტეტული ადამიანებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთეს ის, რაც მიაჩნდათ სწორად… ე.ი. ქართველებმა ჯერაც არ იციან, რა ცვლილებებია თურქეთის სოციალურ სტრუქტურაში; თურქეთი მეთვრამეტე საუკუნეში ჰგონიათ და უაზრობების დაჯერებას იწყებენ, რაც საზიანოა ქართველებისათვის….

მოკლედ, აღარ გავაგრძელებ! მძიმე სიტუაციაა და გამოჯანმრთელების ნიშნები ჯერ არ ჩანს…

დემირელის სახელობის კოლეჯი - Sputnik საქართველო
თურქულ სკოლებს საქართველოში არ სურთ იქცნენ პოლიტიკურ იარაღად

სასიცოცხლო პრობლემებისადმი ასეთი დამოკიდებულებები კი საქართველოს სერიოზულ საფრთხეებს უმზადებს და ეს დასაფიქრებელია!..“

ერთი პატივცემული ექსპერტის მოსაზრებანი, შესაძლოა, საკამათოა და მიუღებელიც, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით ნაწერის შინაარსსა და მიზანს, მაშინ, უსათუოდ, ვიგრძნობთ ანალიტიკოსის მოჭარბებულ სიძულვილს „ავტორიტეტებისადმი“ და „ბელადებისადმი“… ასევე ადვილად დავინახავთ ძალზედ კრიტიკულ დამოკიდებულებას იმ ხალხისადმი, რომლებიც ემორჩილებიან ასეთ „ავტორიტეტებს“…

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალი პოლიტიკური პროცესების ჭვრეტა,ჩვენში ძალზე ხშირად, მხოლოდ პრიმიტიულ ამბიციებს ემყარება და არა რეალობაზე დაფუძნებულ პოსტულატებს. ეს სიახლე როდია. უკვე მრავალი წელია, ასე გრძელდება… ეს ყველაფერი კიდევ უფრო სახიფათოა ახლა, როცა ქვეყანა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და მედიაშიც პოლიტიკური პროცესების შეფასება განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს. 

მკითხველს ვთხოვ, ის რასაც ახლა ვიტყვი, ჭკუის სწავლებად ან მოწოდებად არ მიიღოს…   სიფრთხილე გვმართებს, რომ ქვეყანა კვლავ არ დაემსგავსოს საჭე მომსხვრეულ გემს, რომელიც უაზროდ ებრძვის ტალღებს…

 


ყველა ახალი ამბავი
0