თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში შესაძლოა განმეორდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა და აღნიშნა, რომ ამჯერად ხელისუფლება ამისთვის უკეთ იქნება მომზადებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
პრეზიდენტის თქმით, ახალი სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებს გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა, რადგან „ხელისუფლება უფრო ფხიზლადაა“.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დაზვერვამ დაუშვა რიგი შეცდომები ამბოხის წინასწარ განჭვრეტაში.
„ეტყობა, ჩვენ დაზვერვაში იყო სერიოზული პრობლემები და აზრი არ აქვს მათ დამალვას და უარყოფას“, — განაცხადა მან.
ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის შედეგად, ერდოღანის თქმით, 246 ადამიანი დაიღუპა ამბოხებულთა გამოკლებით და 2000-ზე მეტმა დაზიანებები მიიღო.
16 ივლისის ღამით თურქეთში ამბოხებულთა ჯგუფმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელა. ძირითადი დაპირისპირებები სტამბულსა და ანკარაში მოხდა. უკვე დილით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამბოხი ჩაახშეს.