თბილისი, 22 ივლისი– Sputnik. თბილისში მოქმედმა დემირელის სახელობის კოლეჯმა და მის მიერ დაფუძნებულმა ექვსმა სკოლამ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კონტექსტში მათ ხსენებას მიუღებელი უწოდეს.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიქსანმა განაცხადა, რომ ფეთჰულა გიულენის ფონდი ბათუმში რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და სხვა თურქულ სკოლებს აფინანსებს, რომლებსაც, მისი აზრით, ტერორისტები მართავენ. დიპლომატმა ქვეყნის ხელისუფლებას ამ სასწავლო დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდა. გიულენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.
„ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი გამჭვირვალეა და სწავლება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას", — აღნიშნულია განცხადებაში.
თურქული სკოლები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და მარნეულში. დემირელის სახელობის კოლეჯის პარტნიორია ექვსი სკოლა.
კონსულის განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ მიიწვიეს. მან განმარტა, რომ კონსულის სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
მიუხედავად ამისა, საქართველოში თურქული სკოლების დახურვა მოითხოვეს რიგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა — ნინო ბურჯანაძემ, ჯონდი ბაღათურიამ და ირაკლი ღლონტმა.