თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, დახუროს ყველა სასწავლო დაწესებულება, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ფონდს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიქსანმა განაცხადა, რომ გიულენის ფონდი ბათუმში რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და სხვა თურქულ სკოლებს აფინანსებს, რომლებსაც, მისი აზრით, ტერორისტები მართავენ. დიპლომატმა ქვეყნის ხელისუფლებას ამ სასწავლო დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდა. გიულენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და დახუროს ყველა სასწავლებელი როგორც აჭარაში, ისე მთელ საქართველოში, რომლებიც გიულენის სახელს უკავშირდება. ეს სასწავლებლები უნდა დაიხუროს, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის“, — განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს ამ სასწავლო დაწესებულებების ლიცენზიები იქამდე, სანამ ზემოაღნიშნული საკითხი შესწავლილი არ იქნება.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ახალგაზრდობის უფლებებსა და ინტერესებზე და ისინი სხვადასხვა სასწავლებელში გადაანაწილოს.
კონსულის განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ მიიწვიეს. მან განმარტა, რომ კონსულის სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
15 ივლისს ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მეორე დღეს ხელისუფლებამ ბუნტის დასრულების შესახებ განაცხადა.
თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.