ნადირობა პოკემონებზე, ფუდ-ფოტოების ხელოვნება, იოგა, ჯაზი და სხვა გასართობი. ტრადიციულად, თბილისში უქმეების საინტერესოდ გატარებას გთავაზობთ ისე, რომ დიდხანს დაგამახსოვრდეთ! გაერთეთ!
პარასკევი, 22 ივლისი
გსურთ მეტი პოკემონი დაიჭიროთ ცნობილი იაპონური თამაშიდან Pokemon Go, რომელმაც უკვე ჭკუიდან გადაიყვანა მთელი მსოფლიო? მობრძანდით „სანადიროდ“ East Point-ში. სავაჭრო-გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია Pokestop, სადაც Lure Module-ის გააქტიურებით პოკემონების გამოჩენის გაზრდას შეძლებთ! მასობრივი „ნადირობის“ დასაწყისი — 19:00 საათზე. გაერთეთ!
პარასკევს, საღამოს ღია ცის ქვეშ კინოს უფასოდ ნახვას „მზიურის“ პარკში შეძლებთ. აქ დაგეგმილია სერჯო კასტელიტოს „ორჯერ დაბადებული“, რომელშიც მთავარ როლს პენელოპა კრუსი ასრულებს. ესაა იტალიელი ჯემას ისტორია, რომელიც თავისი ძველი მეგობრის გოიკოს მიწვევით სარაევოში ჩადის და თავის წარსულს იხსენებს: პირველ სიყვარულს, იმას, რომ არ შეუძლია ბავშვის გაჩენა, ქორწინება გაყრის ზღვარზე. ჯემას გონებაში, როგორც იქნა, გადაწყვეტილება იბადება, მაგრამ აქ ცხოვრებაში ბოსნიის სამოქალაქო ომი ერევა. კინოსეანსი 21:00 საათზე დაიწყება. ჩვენება უფასოა!
შაბათი, 23 ივლისი
პროფესიონალი ფოტოგრაფისა და მოგზაურის, სანკტ-პეტერბურგელი სერგეი მელნიკოვის მასტერ-კლასი ფუდ-ფოტოგრაფიაში ფოტოხელოვნების ამ მიმართულების მოყვარულებს Linville-ში ელოდება. ვორქშოპი განკუთვნილია როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი ფუდ-ბლოგერებისთვის. მელნიკოვი მსურველებს მოუყვება, რომელ კერძს როგორი განათება უფრო უხდება, კომპოზიციაზე, გადაღების რაკურსებზე, ფერზე, რეკვიზიტზე და ასე შემდეგ. სემინარი 6 საათი გაგრძელდება. დასაწყისი — 11:00 საათზე (სამუშაო ენა — რუსული). მონაწილეობის შესახებ კითხვებით მიმართეთ აქ.
ლიტერატურისა და პლასტიკის სინთეზს იხილავთ სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლი საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება.
კვირა, 24 ივლისი
იოგის მოყვარულებისთვის ლისის ტბაზე 08:00 საათიდან თავისუფალი ვარჯიში იწყება. კლასის ინიციატორი და ორგანიზატორია Yoga Lab Tbilisi. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
მისტერია „ლაბირინთი“ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება. ესაა სპექტაკლი ადამიანის ცხოვრების ყველაზე ნათელ ეტაპებზე, ცხოვრებისეულ ლაბირინთზე, რომელშიც სოციალური, ურბანული და კომუნიკაციური ვნებები ბობოქრობს. წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრში და აქ.
ჯაზის სამი დღე შავ ზღვაზე გრძელდება!
თუ თბილისში უჰაეროდ გრძნობთ თავს, სასწრაფოდ გაემგზავრეთ ბათუმში, სადაც უკვე მეორე უქმეებია, ჯაზის ნამდვილი დღესასწაული გრძელდება.
წელს ბათუმში Black Sea Jazz Festival-მა ასობით უცხოელ და ქართველ მუსიკოსს მოუყარა თავი. ფესტივალის ფარგლებში უკვე გამოვიდნენ 83 წლის ამერიკელი კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი, მუსიკალური პროდიუსერი და მესაყვირე ქუინსი ჯონსი და ბენდი The Global Gumbo All Stars (აშშ), ნეო-სოულისა და ჰიპ-ჰოპის სტილში შემსრულებელი მის ლორინ ჰილი (Ms. Lauryn Hill) და The Prodigy (დიდი ბრიტანეთი).
22 ივლისს გამოვლენ ცნობილი ბრიტანელი პოპ და ჯაზ-მომღერალი ჯეიმი კალუმი (Jamie Cullum), ასევე დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ცნობილი Renegade Brass Band.
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი კრის ბრაუნი (Chris Brown) და ამერიკელი შემსრულებელი, კომპოზიტორი და ფანკ ბას-გიტარისტი ნიკ უესტი, რომელსაც „ლენი კრავიცი კაბაში“ უწოდეს, ბათუმში 23 ივლისს გამოვლენ.
ჯაზ-ფესტივალს 24 ივლისს ამერიკული R&B და სოულ-მომღერალი მეისი გრეი (Macy Gray) დაასრულებენ.
კონცერტები ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე 20:00 საათზე გაიმართება. ინფორმაცია ბილეთებისა და აბონემენტების შესახებ იხილეთ აქ. დამატებითი ინფორმაციის მიღება კონცერტების შესახებ შესაძლებელია ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


