თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე საკუთარ დაბადების დღეს 21 აგვისტოს ბათუმში სოლო კონცერტით აღნიშნავს.
ნინო ქათამაძე, რომელსაც 44 წელი უსრულდება, ჯგუფ Insight-თან ერთად ბათუმის საჩოგბურთო კლუბში კონცერტს 20:00 საათზე გამართავს. მომღერალს აკომპანირებას საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გაუწევს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ბათუმში ქათამაძე მსმენელისთვის შეასრულებს სიმღერებს მისი ახალი ალბომიდან Yellow.
ალბომი Yellow მუსიკოსებმა 2016 წლის დასაწყისში ბერლინში, ცნობილ სტუდია TRIXX Studios-ში ჩაწერეს. რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში რვა ახალი კომპოზიცია შევიდა — როგორც რომანტიკული და მშვიდი, ისე საკმაოდ რიტმული.
ალბომი ჯგუფის ფერადოვან კონცეფციას განაგრძობს. მომღერლის განცხადებით, ამ ალბომმა – Yellow რეპერტუარი მზის ენერგიით სავსე თავისუფალი მუსიკით შეავსო.
ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.
პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო კონცერტებს რუსეთში.
ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.


