20 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი ფილმების პრემიერები:
„მაღალი საზოგადოება“ (Café Society) ვუდი ალენის კომედიური ფილმია, რომელმაც კანის ფესტივალი გახსნა. სიუჟეტი ახალგაზრდა მამაკაცის ბობის ირგვლივ ვითარდება, რომელიც 1930-იან წლებში ნიუ-იორკიდან ჰოლივუდში ჩადის და კინოწარმოების სფეროში სამუშაოს მოძებნას ცდილობს. მას უყვარდება გოგონა სახელად ვონი, რომელიც მას ჰოლივუდის მაღალი საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა მხარეს აცნობს. მთავარ როლებს ასრულებენ ჯესი აიზენბერგი და კრისტენ სიუარტი.
„სტარ ტრეკი: უსასრულობა“ (Star Trek Beyond) — ეს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფრანშიზის „ვარსკვლავური გზა“ მეცამეტე ნაწილია. მოვლენები ფილმში ხუთწლიანი მისიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ვითარდება. ვარსკვლავური ხომალდის ეკიპაჟს კაპიტან ჯეიმს ტ. კირკის ხელმძღვანელობით უცხოპლანეტელების მძლავრი და საშიში ტალღა უტევს. ისინი ანადგურებენ ხომალდს და ეკიპაჟს ახალ, უცნობ პლანეტაზე უყველაფროდ ტოვებენ. ასე ხვდებიან სიკველის გმირები ახალ მტერთან კონფლიქტში. ფილმში გადაღებული არიან კრის პაინი, ზოი სალდანა და ანტონ ელჩინი.
„სიბნელეში“ (Lights Out) საშინელებათა ამერიკული ფილმია. რეჟისორია დევიდ ფ. სანდბერგი. ეფუძნება ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა. ფილმის მიხედვით, რებეკა გაიგებს, რომ მის უმცროს ძმას მარტინს დასდევს ქალი, რომელიც მხოლოდ სიბნელეში ჩანს. რებეკაც იწყებს მის დანახვას. როგორც ირკვევა, მათი სახლის ახალი სტუმარი მათი დედის ბავშვობის მეგობარია, რომელზეც მრავალი წლის წინ წარუმატებელი ექსპერიმენტის მონაწილე იყო.
„თანასწორები“ (Equals) დრეიკ დორიმუსის ფანტაზიური დრამაა, რომელიც მომავალში მცხოვრები საილასის ისტორიას გვიყვება. ის ცხოვრობს საზოგადოებაში სახელწოდებით „კოლექტივი“. ამ თანამედროვე სამყაროს მცხოვრებნი ადამიანების ახალი თაობაა, რომელსაც „თანასწორები“ ეწოდება. ესენი მშვიდობიანი, თავაზიანი და სამართლიანი ადამიანები არიან. „კოლექტივში“ ცხოვრება იდეალურია. იქ არ არსებობს არც სიღარიბე, არც სიხარბე, არც ძალადობა, არც ემოცია…, სანამ „კოლექტივში“ არ შეიჭრება საშინელი დაავადება SOS. ამ დაავადების მსხვერპლს ემართება ყველაფერი, რასაც ისინი, ფიქრობდნენ, რომ გაურბიან — დეპრესია, დაუცველობა, შიში, ასევე — სიყვარული. მთავარ როლებს ასრულებენ კრისტინ სტიუარტ და ნიკოლას ჰოლტი.
წინა კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია საშინელებათა ფილმი „ზარი vs წყევლა“ (Sadako vs Kayako) და მაიკლ გრანდაჯის „გენიოსი (Genius) (ჯუდ ლოუ, კოლინ ფერტი და ნიკოლ კიდმანი მთავარ როლებში).
უკვე თბილისის კინოთეატრებშია რეჟისორ თეა შეროკის ამერიკული რომანტიკული ფილმი „შენთან შეხვედრამდე (Me Before You) ჯოჯო მოიესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი ასრულებს; „ერთნახევარი ჯაშუში“ (Central Intelligence), კამერული დრამატული ტრილერი „სისხლიანი ნაპირი“ (The Shallows) და სათავგადასავლო ბოევიკი „ტარზანი. ლეგენდა“ (The Legend of Tarzan).
კინო ბავშვებისა და მოზარდებისთვის — 3D ანიმაციური ფილმი „დორის ძიებაში“ (Finding Dory) და რეჟისორისა და პროდიუსერის სტივენ სპილბერგის „დიდი და კეთილი გოლიათი“ (The BFG).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!