თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე მილოცვებს იღებს — 21 ივლისს მას 80 წელი უსრულდება.
როგორი განწყობით ხვდება იუბილეს, ასევე საჩუქრებსა და კარიერასთან დაკავშირებულ გეგმებზე ქალბატონი ნანი ბრეგვაძე Sputnik-ს ესაუბრა.
— საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ იგი სხვებს არ აღენიშნათ. ჩემი ახლობლები მეხმარებიან და, ასე ვთქვათ, სიურპრიზს მიკეთებენ. ასე რომ, დღეს მე მინდა თბილისიდან კახეთში გავემგზავრო, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში. ამ დღეს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან აღვნიშნავ — თქვა ქალბატონმა ნანიმ.
დაბადების დღის საჩუქრების მიმართაც ცნობილ მომღერალს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს — ქალბატონ ნანის არ უყვარს ხალხის შეწუხება.
— არ დამიჯერებთ და ეს დღე კიდევ იმიტომ არ მიყვარს, რომ ხალხი წუხდება, უნდათ მასიამოვნონ ისე, რომ თავადაც მიიღონ სიამოვნება საჩუქრებისგან. მე კი მეუხერხულება, როცა საჩუქრებს მჩუქნიან. არა, ჩვეულებრივ დღეებში საჩუქრები ძალიან მიყვარს, აბა, ვის არ უყვარს საჩუქრები?! მაგრამ როცა ვიცი, რომ დღეს, ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრები უნდა მომიტანონ — ძალიან ვნერვიულობ. და ამ დღეს ასეთი განწყობა მაქვს — რატომ წუხდებოდით?— ამბობს მომღერალი.
ნანი ბრეგვაძე Sputnik-ს გავრცელებული ხმების თაობაზეც ესაუბრა — რომ იგი კარიერას ასრულებს.
— არა, არა, მე ეს არ მითქვამს და მეშინია ამის თქმის. შესაძლოა, ასეთი რამ კიდეც მოხდეს… პრინციპში, უკვე კარგა ხანია სიმღერა უნდა მიმეტოვებინა. მაგრამ ხმაც ჟღერს და არც მე ვარ ძალიან ბებერი. მე ისევ მინდა და შემიძლია სცენაზე დგომა და სიმღერა, ხმაც მომყვება, ამიტომ მენანება ამის დატოვება. გარდა ამისა, მითხრეს, არ გამეკეთებინა ეს და ძალიან მადლობელი ვარ მათი, ვისაც კვლავ სურს ჩემი მოსმენა, — თქვა ნანი ბრეგვაძემ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი საიუბილეო კონცერტი, რომელიც მისი შემოქმედებითი კარიერის 60 წლისთავს მიეძღვნება, 2016 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ქალბატონ ნანისთან ერთად სცენაზე გამოვლენ მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი — ნატალია ქუთათელაძე. საღამოს მუსიკალურად სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, ნანი ბრეგვაძის თქმით, უახლოეს ხანებში მას დაგეგმილი აქვს კონცერტები საქართველოში — აჭარასა და რაჭაში, შემდეგ კი ქართველ მომღერალს რუსეთსა და მონტენეგროში ელიან.
ამჟამად ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველი მომღერლის კონცერტებზე აშშ-ში — ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლის სცენაზე.