თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, რომელიც რეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდა, Sputnik-თან საუბრისას ზეიმის „მთავარ დამნაშავეს“ ნიჭიერი ადამიანი და პროფესიონალი უწოდა.
თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ სამშაბათს ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.
„ელდარს პატარაობიდან ვიცნობ. თითქმის თანატოლები ვართ. ის ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის პატივს ვცემდი. შენგელაია — უპირველესად, შეუდარებელი რეჟისორი და ძალზე ნიჭიერი ადამიანია. და ეს მარტო იმიტომ არა, რომ ასეთი ფესვები აქვს. მშობლები: დედა — ულამაზესი, გამოჩენილი მსახიობი, და მამა — გამოჩენილი რეჟისორი. ასე უბრალოდ არაფერი ხდება ცხოვრებაში“, — განაცხადა ბრეგვაძემ.
რეჟისორის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 83-ე წლისთავს დაემთხვა, კინოთეატრ „რუსთაველის“ მთავარ დარბაზში შენგელაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო გაიმართა.
სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო ნაწყვეტები შენგელაიას კინოფილმებიდან, კადრები მისი ფესტივალებზე მონაწილეობიდან, დაჯილდოების ცერემონიებიდან და პირადი არქივიდან.
შენგელაია თავის შემოქმედებით საღამოს ორიგინალურად მიუდგა. ღონისძიების დასაწყისში, სანამ დარბაზი სტუმრებით ივსებოდა, შენგელაია სცენაზე, თეთრი ქსოვილით შემოხვეული შეუმჩნევლად, ქანდაკებასავით იჯდა. როგორც კი საღამო დაიწყო, წამყვანმა მას ქსოვილი მოხსნა და შენგელაია თავის მეგობრებსა და კოლეგებს სცენიდან მიესალმა.
რეჟისორმა ამგვარად შეახსენა მაყურებელს თავისი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც ფილმის გმირის — პროვინციელი ოსტატის აგული ერისთავის ქანდაკებები ასეთი ფორმით იხსნებოდა.
როგორც ნანი ბრეგვაძემ განაცხადა, ის შენგელაიას ორიგინალური ნომრით მოიხიბლა.
„ხედავთ, რა საღამო მოაწყო? მოფიქრება ხომ უნდა! ზის — ყურადღებაც არ მიგვიქცევია. შემდეგ გახსნეს, როგორც ქანდაკება. ყველას ძალიან გვიყვარს ის! ელდარ შენგელაია არა მხოლოდ ნიჭიერი ადამიანი, არამედ კარგი ადამიანიცაა“, — აღნიშნა მან.
საღამოზე შენგელაიას კოლეგებმა — თეატრისა და კინოს რეჟისორებმა, ასევე პოეტებმა მიულოცეს. სპეციალურად კინორეჟისორისთვის ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „რუსთავმა“ იმღერა.
შენგელაიას ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე ნინო ანანიაშვილის დასმა რეჟისორს ცეკვა „ხორუმი“ მიუძღვნა.
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა.
1958 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). მისი თანაკურსელები იყვნენ ალექსანდრ კუროჩკინი, ედუარდ აბალიანი და ალექსეი სახაროვი.
1958-1960 წლებში „მოსფილმში“ მუშაობდა რეჟისორად, ხოლო 1960 წლიდან — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
1984 წელს შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელმაც 1984 წელს საკავშირო კინოფესტივალის ჯილდო და 1985 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.
1975-1980 წლებში შენგელაია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორთა კურსს უძღვებოდა. 1985 წელს შენგელაია მოსკოვის XIV საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მონაწილე იყო.
1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის.
შენგელაია ავტორია ფილმების: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვა.