დღეს სახელგანთქმული რეჟისორის დაბადების დღეს, მისი სახელობის ვარსკვლავი იხსნება. თავად ბატონი ელდარი კი აღიარებს, რომ უკვე ათი წელია უარს ამბობდა ვარსკვლავის გახსნაზე: „იქ დედაჩემის ვარსკვლავიც არის, გარდაცვლილის სახელზე ერთადერთი ვარსკვლავია. მე მგონია, რომ რუსთველის თეატრის წინ უნდა იყოს აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის ვარსკვლავები. მარჯანიშვილის თეატრის წინ: ვერიკო ანაჯაფარიძის, გიორგი შავგულიძის, ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილის ვარსკვლავები… უცხოეთშიც არის ეს პრაქტიკა, მაგალითად ვენაში. მაწუხებს ეს ამბავი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს!
- თქვენი ოჯახის შემოქმედებითი დინასტიის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით — მამათქვენზე ნიკოლოზ შენგელაიაზე, დედაზე — ქალბატონი ნატო ვაჩნაძეზე, თქვენი ძმის შესახებ, რომელიც ასევე რეჟისორია..
- გიორგი ჩემზე 4 წლით უმცროსია, მაგრამ მას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა რეჟისორობა, მე არა. მე მინდოდა გამოვსულიყავი მეტყევე, დავდიოდი ბაკურიანში, ტყესთან მქონდა ურთიერთობა. სკოლის დამთავრების შემდეგ, შევედი ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე, იქ ვისწავლე ნახევარი წელი და მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და რეჟისორობა მომინდა… დედა ძალიან შეწუხდა იმიტომ, რომ იმ პერიოდში თითქმის არ იღებდნენ ფილმებს და უმუშევარი დარჩებიო. ეს იყო 1950 წელი, 19 წლის ვიყავი…
- ბატონო ელდარ თქვენ ასეთი მშობლების შვილი ბრძანდებით, ამან ხელი შეგიწყოთ თუ შეგიშალათ?
- იცით რა, ეს არის პასუხიმგებლობა, მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ არ შევარცხვინო დედა და მამა. ფილმის დაწყების წინ ასეთი რიტუალი მაქვს: მშობლების საფლავებზე მივდივარ, ცოტა ხანს ვდგავარ, ერთგვარ დალოცვას ვღებულობ მათგან და მერე სურათს ვიწყებ.
- ბატონო ელდარ, დღეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვუყურებდი „არაჩვეულებრივ გამოფენას“… ასეთი იუმორი და იმავე დროს კრიტიკა, ეს იშვიათია!
- მარტო მე არა, მე და ჩემა კოლეგებმა ავირჩიეთ ასეთი გზა — იგავის ფორმა! პირდაპირ რაღაცის თქმა არ შეიძლებოდა და არც არის სწორი. იგავი გაცილებით ღრმაა და ის დიდხანს ცოცხლობს. მარტო საბჭოთა წყობას კი არ ერგება, არამედ სხვასაც. „ცისფერი მთები“, რომ დავამთავრე, გამაგზავნეს ინდოეთში დელის ფესტივალზე, სადაც ფილმის დამთავრების შემდეგ პრესკონფერენცია შედგა და იქ თქვეს, რომ ეს ფილმი ინდოეთზეა. თურმე ინდოეთშიც ასეთი პრობლემაა… მერე იმავე ფილმით ვენის ფესტივალზე ვიყავი, იქ გამიყვანეს გარეთ და მითხრეს: ნახეთ, აი შენობაა დიდი, იქ წერილი, რომ გააგზავნოთ, პასუხს ვერ მიიღებთო. ანუ საერთო პრობლემაა, ის არის და იქნება. რა, განა დღეს საქართველოში არ არის ბიუროკრტია?
- ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ პოლიტიკურ სარბიელს აირჩევდით! და რამ განაპირობა ეს ნაბიჯი?
- 9 აპრილმა განაპირობა. მე ხალხის მიმართ პასუხიმგებლობა ვიგრძენი… თავიდან პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებდი, მარტო სიმართლის დადგენა მინდოდა.. 9 აპრილის კადრების მასალა მოგვაწოდა გოგა ხაინდრავამ, მოყვარულებმა და КГБ-ს წარმომადგენელმა, რომლის გვარი და სახელი დღემდე არ ვიცი. ეს მასალა, ჩემ სახლში დამონტაჟდა და მერე გორბაჩოვს გადასცეს… შეიქმნა სობჩაკის კომისია, რომელმაც მართლაც უპრეცენდენტო განაჩენი გამოიტანა — ტრაგედიის დამნაშავე საბჭოთა ხელისუფლება იყო, ასეთი რამ, საბჭოთა კავშირის ისტორიას არ ახსოვდა. ეს იყო ერთგვარი გამარჯვება.
იმ პერიოდში ძალიან ვაქტიურობდი და ამიტომ თვით ხალხმა მომთხოვა და უზენაეს საბჭოში ჩემი კანდიდატურა წარვადგინე. მერე თბილისის ომი მოხდა, დაიშალა ყველაფერი… მერე პარლამენტში ვიყავი.
- ბატონო ელდარ, თქვენ ბრძანეთ, რომ გქონდათ პასუხიმგებლობა, მაგრამ თქვენი შემოქმედება…
-ერთ რამეს გეტყვით, გადაღება არ შეიძლებოდა — სინათლე არ იყო! სინათლე თუ არ არის, როგორ გადაიღებ? მე ისეთი წვალებით გადავიღე ჩემი ბოლო ფილმი „ექსპრეს — ინფორმაცია“, ხან პარლამენტში ვიყავი, ხან სად… ხან სინათლე არ იყო, ხან იყო!.. წვალებით გადავიღეთ!
- ბატონო ელდარ, თქვენი ფილმებიდან, გამოარჩევდით თუ არა რომელიმეს?
- ყველა ფილმი, ჩემი შვილია. „თეთრი ქარავანი“, რომელიც თამაზ მელიავასთან ერთად გადავიღე თუ „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა!“ თუ „სამანიშვილის დედინაცვალი… „ცისფერი მთები“ — ყველა ჩემი შვილია…
-„არაჩვეულებრივ გამოფენაში“ არის მოქანდაკე, ხელოვანი — აგული ერისთავი, რომელიც ვერ განხორციელდა. მე მგონია, რომ დღეს, საქართველოში დგას ეს პრობლემა. ბევრი შემოქმედია, რომელიც ლუკმა-პურისთვის სხვა საქმეს ეჭიდება… რა ძალა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ გააკეთოს ის, რაც შეუძლია!..
-ამ ფილმით, მე და რეზო გაბრიაძეს გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენი თაობა მთლიანად რეალიზებული არ ვიყავით იმიტომ, რომ ცენზურა იყო. თითქმის ათი სცენარი დამიწუნეს, ესე იგი ათი ფილმის გადაღება შემეძლო… ასეთ მდგომარეობაში იყო, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა. მაგრამ ერთი მომენტი კი იყო — თუ სცენარს დაამტკიცებდნენ, ფულის პრობლემა არ გქონდა. დღეს საქართველოში ქართულ კინოს უჭირს იმიტომ, რომ კინოცენტრს ძალიან მცირე დაფინანსება აქვს.
-ბატონო ელდარ, თქვენ ბრძანეთ, რომ გამოხატვის ფორმა იყო იგავი, მაგრამ ასეთი იუმორი…
-ეს იუმორი, სწორედ საფარი იყო იმისა, რომ ცენზურას არ გაეგო, რა არის! როცა მოსკოვში „შერეკილები“ ჩავიტანე, ვერ გაიგეს და მიიღეს, როგორც ზღაპარი, სინამდვილეში ეს ფილმი არის სიყვარულზე და რაც მთავრია, თავისუფლებაზე!
-მისტიკური ძალის გჯერათ, ბატონო ელდარ?
-ძნელი სათქმელია… იცით რა, რეჟისორი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. მე ის რეჟისორი არ ვარ, სკამზე დავჯდე და ვუბრძანო: შენ ის გააკეთე, შენ ეს! გამნათებლიდან დაწყებული, ყველას ვეხმარები… ხანდახან მძღოლი დათვრებოდა და მანქანის საჭესთან მე ვიჯექი. როცა შენც ასე მუშაობ, ჯგუფი ერთიანდება და კარგი შედეგიც არის…
-მსახიობებთან როგორ მუშაობდით, ისინი ხომ პროფესიონალებიც იყვნენ და არაპროფესიონალები?
-ერთ რაღაცას გეტყვით, არავითარი წნეხი! მსახიობი შენი პარტნიორია, ის უნდა გიყვარდეს, მას თავისუფლება უნდა მისცე. მაგალითად, „ცისფერ მთებში“ თემიკო ჩირგაძესთან, პრაქტიკულად არ მიმუშავია, რეპეტიცია არ მქონდა, იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ერთხელ რაღაცას გავივლიდით და გადავიღებდით…
-ბატონო ელდარ, თქვენ საუბრობთ „ცისფერ მთებზე“ და აქაც და სხვაგან, ხომ არის კომედიური ეპიზოდები, როგორ მუშაობდით?
-კომედია უნდა დადგა სერიოზულად, ეს მაყურებელი იცინის, მაგრამ შენ უნდა ითამაშო და გააკეთო სერიოზულად…
-ბატონო ელდარ, YouTube-ზე, რომ შეხვიდეთ, თქვენ ფილმებზე ნახავთ კომენტარებს, ხალხი მოქმედი გმირების ფრაზებს წერს. სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებენ ეპიზოდებს…
-ერთს გეტყვით, მე დავდივარ კუს ტბაზე, სავარჯიშოდ… იქ ხალხი მხვდება ფრაზებით: „სიყვარული ვერტიკალურია“, „ამპრედუზო მედუზო“, „მე ტანკისტი ვიყავი“ და ა. შ… და რა თქმა უნდა მიხარია, რომ ეს ფრაზები ხალხში მოარული გახდა…
-ბატონო ელდარ, ოცნებები გაქვთ?
- (იცინის) ერთი ოცნება მაქვს, როგორმე ეს „ვარსკვლავი“ გადავაგორო, მერე ახალი სცენარი მაქვს და ფილმის გადაღება მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ფულს არ მაძლევენ. იმედი მაქვს, რომ ამ ვარსკვლავის მერე, მომცემენ…
-ბატონო ელდარ, რას უსურვებდით საქართველოს, თქვენ, როგორც რეჟისორი და პოლიტიკოსი?
-მთავრობამ კულტურას და მეცნიერებას სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს. საბჭოთა კავშირის დროს, ამ კუთხით ჩვენი რესპულიკა გამოირჩეოდა. საქართველო არც ნავთობით არის ცნობილი, არც ქვანახშირით და არც ოქროთი, ჩვენი ქვეყანა თავისი კულტურით იყო სახელგანთქმული…