თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მოსკოვის თეატრი „პ. ფომენკოს სახელოსნო“ ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი თბილისის სხვადასხვა სცენაზე 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.
„პ. ფომენკოს სახელოსნო“ წარმოადგენს ტურგენევის ნაწარმოების (Вешние воды) მიხედვით დადგმულ სპექტაკლს Русский человек на rendez-vous („რუსი რანდევუზე“). სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 1 და 2 ოქტომბერს გაიმართება.
„პ. ფომენკოს სახელოსნოში“ სპექტაკლი Русский человек на rendez-vous, რომლის რეჟისორია ევგენი კამენკოვიჩი, თეატრთან არსებული სტაჟიორების დასში ეტიუდების, ექსპერიმენტული პროექტის Вечера „проб и ошибок“ საფუძველზე დაიბადა. ამ საღამოებზე თეატრის მსახიობები და რეჟისორები დასს უჩვენებენ დამოუკიდებელ ნამუშევარს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით.
2011 წელს ეს დადგმა თეატრის რეპერტუარში შევიდა.
თეატრი „პ. ფომენკოს სახელოსნო“ მოსკოვის მერის განკარგულებით 1993 წელს რეჟისორმა და პედაგოგმა, რუსეთის სახალხო არტისტმა პიოტრ ფომენკომ დააარსა.
ფომენკო საქართველოში 1971-1972 წლებში გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული სახელმწიფო თეატრის მაშინდელი მთავარი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მოწვევით მუშაობდა. ფომენკომ ქართულ სცენაზე ორი სპექტაკლი დადგა — რაიმონდ კაუგვერის „საკუთარი კუნძული“ და ვალენტინ კატაევის „ყვავილების გზა“.
ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ (2012 წ.) თეატრის ხელმძღვანელი რეჟისორი და პედაგოგი ევგენი კამენკოვიჩი გახდა.
თეატრის არსებობის წლებში შეიქმნა 50 სპექტაკლი. ამჟამად თეატრის რეპერტუარში 34 სპექტაკლია.
თეატრის სპექტაკლები წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. დასი ასევე წარმატებით ატარებს გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – უკრაინაში, ლატვიაში, ესტონეთში, ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.
თეატრის პირველი გასტროლი თბილისში 2015 წლის აპრილში გაიმართა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე მათ ორი სპექტაკლის წარადგინეს: „მგლები და ცხვრები“ (ალექსანდრ ოსტროვსკის პიესის მიხედვით) და „ოჯახური ბედნიერება“ (ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით).
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიამ დააარსა. 2011 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.