თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ანკარაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სკოლების საქმიანობის საკითხს განიხილავენ, განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შაბათს ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა განაცხადა, რომ ფეთჰულა გიულენის ფონდი, რომელსაც თურქეთში 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბრალდება, ბათუმის რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს და სხვა თურქულ სკოლებს აფინანსებს, რომლებსაც ტერორისტები მართავენ. დიპლომატმა ქვეყნის ხელისუფლებას ამ სკოლების დახურვისკენ მოუწოდა.
„ეს სკოლები, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენი კანონმდებლობით არის აკრედიტებული და სწავლა ქართულ ენაზე, ჩვენი პროგრამებით მიმდინარეობს. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სკოლებს ტერორიზმთან და უკანონობის სხვა ფორმებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი, აქამდე არ ყოფილა“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველ სხდომაში. აღნიშნულ საკითხს განათლების მინისტრი ამ სხდომაზე დააყენებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს ურთიერთობებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან არაფერი ართულებდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, რომ ჩვენ ობიექტურად შევაფასოთ ვითარება და გადაწყვეტილება ერთი ადამიანის განცხადების საფუძველზე არ მივიღოთ“, — აღნიშნა მინისტრმა.
15 ივლისს, საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. თურქეთის ხელისუფლებამ 16 ივლისის დილით განაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია.
თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.