თბილისში მიკროავტობუსების გაფიცვის საბაბი ალკოტესტი გახდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამარშრუტო ტაქსის მძღოლისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის ჩხუბი საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

​თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა მოაწყვეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

გაფიცვის საბაბი ინციდენტი გახდა, რომელიც დიღმის ავტოპარკში მოხდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ალკოტესტზე უარი განაცხადა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთან იჩხუბა. მძღოლებმა კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ყველას სხვადასხვა მოთხოვნა და პრეტენზია აქვს. ყველა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, — აცხადებენ მძღოლები.

მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისის მიკროავტობუსები ზაფხულისთვის ემზადებიან

გაფიცულ მძღოლებს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ედუარდ აფრასიძე შეხვდა.

„ველოდებით მძღოლებს, რომ მოთხოვნები ჩამოაყალიბონ. შევთანხმდით, რომ სამშაბათს შევხვდებით. საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია, გადაწყდება. დანარჩენ საკითხებზე შევეცდებით შევთანხმდეთ ისე, რომ კმაყოფილი დარჩეს როგორც კომპანია, ისე კომპანიაში დასაქმებული მძღოლები“, — განაცხადა აფრასიძემ.

როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, ამჟამად ვითარება მოგვარებულია.

„გავეცნობით მოთხოვნებს და შესაბამის ზომებს მივიღებთ. რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და ვიდეოჩანაწერის შემოწმება“, — განაცხადა მიქიაშვილმა.

თბილისის სამარშრუტო ტაქსიში უფასო Wi-Fi გავრცელდება - Sputnik საქართველო
თბილისის სამარშრუტო ტაქსიში უფასო Wi-Fi გავრცელდება

მძღოლების გაფიცვაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახური, როგორც მესამე მხარე, მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება.

„სამარშრუტო კომპანია არის კერძო კომპანია, რომელიც თვითონ არეგულირებს მძღოლებთან ურთიერთობებს, თუმცა, ხაზგასასმელია ისიც, რომ უკმაყოფილება და ინციდენტი მოჰყვა ალკოჰოლურ ტესტზე მძღოლის შემოწმებას, რაც ყველას ვალდებულებაა და მძღოლი ვალდებულია, რომ შესაბამისი ტესტი გაიაროს. ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დარეგულირდა“, — აღნიშნა მერმა.

ამჟამად კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დაახლოებით 2 500 მიკროავტობუსს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0