თბილისი, 20 მაისი — Sputnik. კონდიციონირების სისტემების შემოწმება მიკროავტობუსებში 25 მაისიდან დაიწყება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, კონდიცირების სისტემის საკითხი უფრო აქტუალური ხდება. ზაფხულში სამარშრუტო ტაქსის მგზავრები აუტანელ სიცხესთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ.
„უკვე შემდეგი კვირიდან მიკროავტობუსების აქტიური მონიტორინგი დაიწყება. შევამოწმებთ, რომელ ტაქსიში მუშაობს ან არ მუშაობს სისტემა. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებული იქნება, ჩართოს კონდიციონერი, თუ ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს გადააჭარბებს“, — განაცხადა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა.
თუ მძღოლი კონდიციონერის ჩართვაზე უარს იტყვის, მას ორი კვირის განმავლობაში მუშაობის უფლებას ჩამოართმევენ. დარღვევის გამეორების შემთხვევაში მძღოლი უმუშევარი ერთი თვე დარჩება. თუ ეს კვლავ გამეორდება, კომპანია უფლებას იტოვებს, მძღოლთან ხელშეკრულება გააუქმოს.
„მიკროავტობუსებში გამოაკრავენ სტიკერებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს, სადაც მითითებული იქნება როგორც მძღოლის, ისე მგზავრების უფლება-ვალდებულებები, ასევე საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერი. მგზავრს საშუალება ექნება, დარეკოს ნომერზე 220-03-40 და შესაბამისი პრეტენზიები დააფიქსიროს“, — აღნიშნა მიქიაშვილმა.
გასულ წელს კომპანიამ მიკროავტობუსებში კონდიციონერების შეკეთებაზე 200 ათასი ლარი დახარჯა.
ამჟამად მიკროავტობუსებით მგზავრობა ქალაქის მასშტაბით 0,8 ლარი ღირს, ხოლო მოკლე მარშრუტებით — 0,5-დან 0,4 ლარამდე.